19, იანვარი 2021 21:59:00
რამდენად მიზნობრივად ხარჯავდა გასულ წელს საწვავს აჭარის მთავრობა და რამდენად საჭირობეისამებრ იყენებდა მის ბალანსზე არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს - გასული წლის მდგომარეობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკვე შეისწავლა. დასკვნის მიხედვით, 29 შემთხვევაში, რეგიონის გარეთ, მთავრობის კუთვნილი ავტომანქანა ისე იყო გასული, რომ მივლინება გაფორმებული არ ყოფილა და გამგზავრების აუცილებლობა არც სხვა ფორმითაა დასაბუთებული.
გასულ წელს, აჭარის მთავრობამ, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის 4,447,755 ლარი დახარჯა. თანხის 99.8% ტრანსპორტის ხარჯებზე მოდის, საიდანაც თითქმის ორ მილიონ ნახევარი ლარი საწვავის ხარჯია, ავტომანქანების შეკეთების და სხვა ხარჯებისთვის კი 2020 წელს, ბიუჯეტიდან ორ მილიონზე მეტი გადაიხადა.
დახარჯული რესურსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაითვალა და დაასკვნა, რომ ხარჯების შემცირება ავტოპარკის ოპტიმიზაციისა და რიგ შემთხვევებში, არამიზნობრივი დანახარჯების შემცირებითაა შესაძლებელი.
სახელმწიფო აუდიტის დასკვას "საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელიც გამოეხმაურა. რომა დოლაბერიძე განმარტავს, რომ აუდიტის მიგნებები არის ხელისუფალის უპასუხისმგებლო მიდგომების შედეგი. იგი გამოსავალს მონიტორინგის გაძლიერებაში ხედავს.
"დემოკრატიის ინსტიტუტში" ამბობენ, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან საწვავის გადამეტებული მოხმარების საკითხი მუდმივად აქტუალური თემაა და ეს იმიტომ, რომ ფაქტებს არასოდეს ახლავს სათანადო რეაგირება და კითხვები მუდმივად პასუხგაუცემელია. ალექსანდრე ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ხარჯვის კონტროლის მექანიზმი უნდა დაიხვეწოს.
ხარჯვის ნაწილში სახელმწიფოს მხრიდან გადაცდომები რომ სისტემურია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" 2019 წლის კვლევაც ადასტურებს. დოკუმენტში წერია, რომ 2019 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თითქმის 22 ათასი ლარით მეტი საწვავი გახარჯა, ვიდრე 2018 წელს.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, კითხვებით აჭარის მთავრობას ცხადია მივმართეთ, თუმცა მათ საჯაროდ საუბარი არ ისურვეს.