20, იანვარი 2021 21:35:00
აჭარის მუნიციპალიტეტებს ა(ა)იპების შენახვა წელიწადში, 41 მილიონ ლარზე მეტი უჯდებათ. ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. კვლევის მიხედვით, რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში, სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 ათას 991 პირია დასაქმებული. თანამშრომელთა სტატისტიკა წინა წელთან შედარებით, გაზრდილია. არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მათი შენახვისთვის, 41 მილიონი ლარის ხარჯვა გაუმართლებელია, მით უფრო იმ პირობებში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტებში ვერ ხერხდება.
„ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ ერთ-ერთია იმ მუნიციპალურ ორგანიზაციებს შორის, სადაც დასაქმებულ პირთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, აქ საერთო ჯამში, 217 ადამიანი მუშაობს. მათ შორისაა როგორც შტატზე მომუშავეთა, ისე შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობაც. ზღვისპირა ბაღის დირექტორი, ამ გარემოებას “სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირების” საჭიროებით ხსნის.
კვლევის მიხედვით, „ბოტანიკურ ბაღთან“ ერთად, ბათუმში, სულ 13 ა(ა)იპია, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2-ით მეტია. ამ 13 მუნიციპალურ ორგანიზაციაში ჯამურად 2 ათას 828 ადამიანია დასაქმებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელმა გასულ წელთან შედარებით 331-ით მოიმატა. თითქმის 2 მილიონით გაიზარდა ხარჯიც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგები არ უკვირთ ოპოზიციაში. ბათუმის საკრებულოს დეპუტატს მიაჩნია, რომ გასულ წელს, ორი ახალი მუნიციპალური ორგანიზაციის დამატება მმართველი გუნდის აქტივისტების დასაქმებამ განაპირობა.
თითქმის იდენტური მოსაზრება აქვს ბათუმის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს. არჩილ მამულაძის განმარტებით, მუნიციპალური ორგანიზაციებისა და დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, თუმცა ქალაქში არსებული პრობლემები უცვლელია.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას მონაცემები თვითმართველობამ მიაწოდა, ბათუმის მერიაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ არასწორი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, გასულ წელთან შედარებით, მუნიციპალიტეტში ა(ა)იპი-ების რაოდენობა 2-ით არ გაზრდილა.
ნუკრი დეკანაძე „ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“ დასაქმებულთა რაოდენობის საკითხსაც გამოეხმაურა. როგორც მერიის ადმინისტრაციის უფროსმა განმარტა, ბოტანიკური ბაღი, 2016 წლიდან, ყველა ხარჯს საკუთარი სახსრებით ფარავს და დაფინანსება, უწყების ბიუჯეტიდან არ ხორციელდება.
აჭარის 6 მუნიციპალიტეტში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევში, ხულოსა და ქობულეთში სულ, 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს. დასაქმებულია 6 ათას 991 ადამიანი. თითოეული პირის შრომის ანაზღაურებაზე, ყოველთვიურად, 3 მილიონზე მეტი, ხოლო წლიურად 41 მილიონზე მეტი იხარჯება.