23, თებერვალი 2021 21:11:00
ნიკა მელია დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციური პარტიის ოფისი შტურმით აიღო. გომელაურის უწყებამ მასშტაბური სპეცოპერაცია განახორციელა. პოლიციელებმა დეპუტატის დაკავებისას დახურულ სივრცეში ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რაც სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით დაუშვებელია და არადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება. შეხლა-შემოხლისას და დაძაბულობისას 17 ადამიანი დაშავდა. ამ ყველაფრის შემდეგ ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ხალხი გარეთ გამოვიდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას, პროტესტით შეხვდნენ აჭარაშიც. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობს სახლის წინ შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოცნება რუსეთის დაკვეთით მოქმედებს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა მყარდება. ამ შეფასებას და მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ გაკეთებულ სპეციალურ წარწერებს, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები ნიკა მელიას გათავისუფლებას და ქვეყანაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მოთხოვნებს არ დაუკმაყოფილებენ.
აქციის მონაწილეები არც იმას გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და თბილისში მიმდინარე აქციებს შეუერთდნენ. გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ ხვალისთვის მიიღებენ.