26, თებერვალი 2021 19:48:00
უკანონო მშენებლობა სახელმწიფოს მიწაზე. ხელვაჩაურში, უკვე მეოთხე კოტეჯის მშენებლობა ისე სრულდება, რომ რეაგირება ხელისუფლების არც ერთ უწყებას ჰქონია. მიზეზი მარტივია. აღმოჩნდა, რომ მაჭახლის ხეობაში, მდინარის პირას მშენებარე კოტეჯების ოფიციალური მფლობელი „ქართული ოცნების“ კოორდინატორია. მართალია, სოფელი, სადაც კოტეჯები შენდება, დაცული ტერიტორია არ არის, თუმცა სახელმწიფო მიწის სარგებლობის უფლება არცერთ მოქალაქეს აქვს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. ეს მიწა, კერძო საკუთრებაც რომ იყოს, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მაინც უკანონოა, რადგან მშენებელს მუნიციპალიტეტის მერიისგან თანხმობის მისაღწევად პროცედურა არ გაუვლია. საინტერესოა, როგორ უნდა მოსთხოვოს პასუხი კანოდამრღვევს ხელვაჩაურის მერმა მაშინ, როცა კანონს უნებართვო მშენებლობით თავადაც არღვევს.
მაჭახლის ხეობაში, თამარის ხიდთან ახლოს, ეს ხის კოტეჯები რამდენიმე თვის წინ აშენდა. ოთხი დასრულებული მშენებლობაა, მეხუთე კოტეჯის ჩასადგამად კი საძირკველი უკვე მზადაა. როგორც გაირკვა კოტეჯები, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ აშენდა.
კოტეჯებს, როინ სალვარიძე აშენებს. იგი, 2012 წლიდან, ყოველ არჩევნებზე, მაჭახლის ხეობაში, „ქართული ოცნების“ კოორდინატორია. აშენებს, თუმცა მიწა სხვისია. მისი საკუთრება, ათვისებული ტერიტორიის მომიჯნავედ გადის. გარდა იმისა, რომ ობიექტებს სახელმწიფო მიწაზე იშენებს, კიდევ ერთი გადაცდომა აქვს. მას, მშენებლობისთვის, სანებართვო ცნობა, ხელვაჩაურის მერიისგან არ აუღია.
იქ, სადაც უკანონო მშენებლობაა, მოჭრილია ხეებიც. ისიც უნებართვოდ.
ადგილობრივები მხოლოდ ჩუმად გვეუბნებიან, რომ როინ სალვარიძის მშენებლობას, ხშირად სტუმრობს ხელვაჩაურის მერის მოადგილე – არჩილ ბარამიძე. თანასოფლელები ეჭვობენ, რომ უკანონო მშენებლობას ხელს სწორედ მერიაში აფარებენ. ბარამიძე კი ირწმუნება, რომ სალვარიძე მისი მეგობარია და წამოწყებას, უბრალოდ გულშემატკივრობს.
სალვარიძეს, მიწა საკუთრებაშიც რომ ჰქონოდა, მერიისგან მშენებლობის ნებართვა მაინც სჭირდებოდა, თუმცა, ახლა კანონის მოთხოვნა რომ ორმაგად დაარღვია, საუბრობენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც". ორგანზიაცაში ყურადღებას, მუნიციპალიტეტის უმქმედობაზეც ამახვილებენ და ისევე როგორც სოფელში, არც იურისტი გამორიცხავს, რომ შესაძლოა ადგილი კორუფციულ გარიგებას ჰქონდეს.
რატომ არ რეაგირებს ხელვაჩაურის მერია უკანონო მშენებლობაზე, პასუხი მერის მოადგილისგან ვერ მივიღეთ. ჩვენ, მერიაში, კიდევ რამდენიმე პასუხისმგებელ პირთან ვცადეთ დაკავშირება, მათ შორის მერთან - ჯუმბერ ვარდმანიძესთან, თუმცა ტელეფონზე არცერთმა გვიპასუხა. ისინი სამუშაო საათებში, არც კაბინეტებში დაგვხდნენ.
უკანონო მშენებლობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა.