02, მარტი 2021 21:59:00
ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. პოლიტიკოსები ისევ, გავლენებისთვის იბრძვიან. ამ დროს კი მოქალაქეები არავის ახსოვს. საკვებზე ყოველდღიურად მზარდი ფასები მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს. დაზარალებულ ეკონომიკაში გაძვირებულ პროდუქტებს უსამსახუროდ დარჩენილი ოჯახები შიმშილის ზღვართან მიჰყავს. ათეულობით პროცენტით მოიმატა ფასმა ზეთზე, შაქარზე, თევზეულზე, რძის ნაწარმზე. საგრძნობლად მომატებულია პურის ფასიც, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხშირად ერთადერთი საარსებო პროდუქტია. საქსტატის მონაცემებით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტს მიაღწია. სპეციალისტები ფასების ასეთ ზრდას პანდემიით გამოწვეული მიწოდების პრობლემებით, სავალუტო კურსის ცვლილებით, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებითა და დეფიციტის მოლოდინით ხსნიან. ამ ყველაფერს კი მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივყავვართ - მთავრობის მუშაობა არაეფექტიანია.
ეს კარტოფილის გასული წლის ზამთრის ფასია, ეს კი დღევანდელი.
ზეთს ეს ღირებულება 2020 წლის სექტემბერში ჰქონდა, ეს კი დღეს გადაღებული კადრია. ხილზე ფასთა ერთწლიანი სხვაობა კი ასე გამოიყურება.
ბოლო ერთი წლის მანძილზე, პროდუქტზე ფასები კოვიდსტატისტიკის პარალელურად მზარდი რომ იყო, ამას ყველა ამჩნევს. შედეგად ბაზარი მომხმარებლისგან დაცარიელდა. მყიდველი ცოტაა, რაც პირდაპირ რეალიზატორების ჯიბეს აცარიელებს. გამყიდველები ამბობენ, რომ მყიდველს ხშირად წაგების ხარჯზე ინარჩუნებენ:
გასულ წელთან შედარებით შაქარი 14 პროცენტით, ზეთი -34 პროცენტით, პური და პურპროდუქტები 8.7 პროცენტით, ხოლო რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა. მაგალითისთვის, თუკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბათუმის აგრარულ ბაზარზე, ყველის შესყიდვის ფასი რეალიზატორებისთვის 8-დან 10-ლარამდე მერყეობდა, დღეს მკვეთრადაა გაზრდილი. ასევე, გაზრდილია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის ღირებულებაც.
გამყიდველების პარალელურად უკმაყოფილებას არც მყიდველები მალავენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ გაძვირებული სამომხმარებლო კალათის გამო, ხშირ შემთხვევაში სახლში ცარიელი ხელებით ბრუნდებიან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. ეკონომისტები ციფრს არ ენდობიან და ამბობენ, რომ რეალობა გაცილებით მძიმეა. ნოდარ სირბილაძე ფასების დრამატულად ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნის და უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ პროცესებზე პანდემიის გავლენა ნოლია. დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ პრობლემას ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკა ქმნის.
რამდენად შესაძლებელია სურსათზე ფასების რეგულირება? პროგნოზის გაკეთება ჭირს. ერთადერთი, რაც კარგად ჩანს ისაა, რომ ვიდრე პოლიტიკოსები სავარძლებისთვის და გავლენებისთვის იბრძვიან, მათ იმედად დარჩენილ მოქალაქეებს ბრძოლა გადარჩენისთვის უწევთ.