03, მარტი 2021 21:30:00
3 მარტი საქართველოში დედის დღეცაა. რა საჭიროებები აქვთ დედებს ? ჩემი კოლეგა დღეს რამდენიმე მათგანს ესტუმრა და მათი მსოახრებები მისმინა. მომდევნო რეპორტაჟიდან გაიგებთ, ასევე რა ფორმით აძლიერებს სახელმწიფო ქალებს და რას აკეთებს თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე.
ათი შვილის დედობა შესაძლოა ბევრისთვის წარმოუდგენელ სირთულეებთან ასოცირდებოდეს, თუმცა ასეთები ქვეყანაში მაინც მრავლად გვყავს. და-ძმა ბედინაძეებს ბათუმში თითქმის ყველა იცნობს, ცხადია მის მშობლებსაც. უფროსი შვილი 24-ის, უმცროსი კი წლის და 6 თვისაა. დედა, თეა ხომერიკი ამბობს, რომ საქმე და საჭიროებები ყოველდღიურად ეზრდება, თუმცა სირთულეებს არ უშინდება და არასოდეს იღლება. ბევრი შვილის წყალობით, დედის დღე, ოჯახში ყოველთვის გრანდიოზულად აღინიშნება.
ლიკა ცენტერაძე მარტოხელა დედაა. მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავს. წლებს, მუდმივად სამკურნალოდ, სახსრების ძიებაში ატარებს. ყოველი დღე იწყება ბრძოლით, შვილი მშიერი არ დააძინოს. მას არც საკუთარი ბინა აქვს. ამბობს, რომ ხელისუფლება მარტოხელა დედებს ვერ უვლის.
ლალი გამისონია ბათუმში, აფხაზეთის ომის შემდეგ ჩამოვიდა. დღემდე ქირით ცხოვრობს. მისი შვილი ახლა 14 წლისაა. დედა ამბობს, რომ ყველაზე მეტად ახლა უჭირს, როცა მოზარდის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. გარდა იმისა, რომ მის სრულფასოვან კვებას უზრუნველყოფს, ხშირად ვერც ტანსაცმლის შეძენას ახერხებს. იგი, სოციალური დახმარების მიმღებია.
საჭიროებები ცხადია მრავლადაა, თუმცა ორგანიზაცია, „იალქანი“-ს დამფუძნებელი, დღეს, ერთ განსაკუთრებულ აუცილებლობაზე საუბრობს, რომელსაც სახელმწიფო არ აკეთებს - ეს საცხოვრებლით უზრუნველყოფას შეეხება.
ბათუმის მერიას, მარტოხელა თუ მრავალშვილიანი დედებისთვის შემდეგი პროგრამები აქვს: სოციალურად დაუცველებს, ერთჯერადად, 200 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ყიდულობს, აქვს უფასო სასადილო, ხოლო მრავალშვილიან დედებს, ყოველთვიურად 150 ლარს უხდის. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, უწყება სოციალურად დაუცველ დედებს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას სთავაზობს, შშმ პირები კი სარეაბილიტაციო პროგრამებთ სარგებლობენ.