03, მარტი 2021 21:15:00
ოპოზიციამ გადაწყვიტა, დაგეგმილი აქციების გადადოს. ამბობენ, რომ ხელისუფლებას, არ მისცემენ საშუალებას, თქვას, თითქოს მოლაპარაკეკების წინააღმდეგი არიან. ამ არგუმენტით, აქციები 16 მარტამდე აღარ გაიმართება. ეს ის ვადაა, რა დროშიც, გეგმის მიხედვით, მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს. ოპოზიციამ, გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" წევრების გუშინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ შეცვალეს. მართველმა გუნდმა, ოპონენტები დესტრუქციაში დაადანაშაულა და თქვა, რომ პარლამენტის პიკეტირება დიალოგის პროცესზე ცუდად იმოქმედებს.
ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ მმართველი გუნდი იძულებული გახდება, დიალოგი პოლიტპატიმრების გათავისუფებაზეც აწარმოონ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზეც. ამბობენ, რომ ეს პირობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით შემდგარ შეხვედრაზეც დააყენეს და შარლ მიშელი შედეგებს ორ კვირაში ელოდება. საკითხები, ორივე მხარისთვის წითელი ხაზია, თუმცა ხელისუფლების ოპონეტები აღნიშნავენ, რომ თუ "ქართული ოცნება" მთავარ საკითხებზე მსჯელობას არ დაიწყებს, ირაკლი ღარიბაშვილს 16 მარტს ბრიუსელში ჩასვლა ხელცარიელი მოუწევს.
საპროტესტო აქციების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის გადაყვეტილებას მმართველ გუნდში მოსწონთ, ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვისაც, თუმცა პოზიციას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ არ განიხილავენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხებს.
შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პარტია "მოქალაქეები" პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებენ და აცხადებენ, რომ ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს.
როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უცნობია. მმართველ გუნდს კონკრეტული შედეგის მისაღწევად ვადა ეწურება. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ორ კვირიანი ვადა მისცა. 16 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს. საბჭოზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და მოლაპარაკებების შედეგებზეც იმსჯელებენ.