05, მარტი 2021 21:30:00
პრიორიტეტად დასახელებული სოფლის მეურნეობა და პროგრამები, რომლებიც ფერმერის საჭიროებებს ვერ პასუხობს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი კოვიდის უარყოფით ზეგავლენას ვერ ხედავს, თუმცა იქ მცხოვრებლები საპირისპიროში გვარწმუნებენ. როგორ უნდა გამოცოცხლდეს დარგი პოსტპანდემიურ პერიოდში ?
თეიმურაზ თავაძე 10 წელზე მეტია ფერმერია. მუდმივად ცდილობს, მეურნეობა და წარმოება გაზარდოს. ახლა საგაზაფხულო სამუშაოების პროცესშია. მიწას ბარავს. სასუქი ჯერ არ აქვს. ამბობს, რომ რამდენიმე ტომარას, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ელოდება, თუმცა იცის, რომ საკმარისი არ იქნება. ფერმერს, მისთვის საკმაოდ სოლიდური ხარჯის გაწევა მოუწევს.
ზეინაბ თედორაძეც წლებია ფერმერია. მსგავსი უნაყოფო პერიოდი, როგორც პანდემიის შემდეგ დადგა, არ ახსოვს. ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ვერანაირი დახმარებით ისარგებლა. კენკროვანი მცენარეების ნერგები რამდენჯერმე მოსთხოვა, თუმცა ვერ მიიღო.
სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად პანდემიის დაწყებიდანვე დასახელდა, თუმცა რამდენად იზრუნა უწყებამ დარგის განვითარებისთვის, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. სამინისტროში, თამამად ირწმუნებიან, რომ სოფლის მეურნეობას პანდემიისგან არანაირი დარტყმა მიუღია. მეტიც, მინისტრი ამტკიცებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ის, რაც სამინისტრომ წელს დაგეგმა „საოჯახო მეურნეობის განვითარების“ პროგრამაა. ეს ნიშნავს, რომ თუ კი ფერმერი იდეას წარადგენს, სამინისტრო ფერმერს 500-დან 40 ათას ლარამდე დაფინანსებს. 2021 წლის განმავლობაშ იგეგმება პროგრამის, „სოფლად მეწარმეობის განვითარება" განხორციელება. იდეის ავტორი, საწარმოს შექმნისთვის 40-დან 100 ათას ლარამდე თანადაფინანსებას მიიღებს.
ერთადერთი, რაც პანდემიის პერიოში მოსახლეობას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ახსენდება, უფასოდ დარიგებული 7 ჩითილია. აღმოჩნდა, რომ უწყება იგივეს წელსაც გეგმავს, ოღონდ უფასოდ არა. იგი შეღავათიან ფასად გაიცემა. რა ეღირება რომელიმე ერთი კულტურის ჩითილი, ფასი სამინისტროში ჯერ არ განუსაზღვრავთ.