09, აპრილი 2021 21:59:00
ქვეყანა, სადაც ადამიანებთა საკმაოდ დიდი რაოდენობა თვეში 80 დოლარად ცხოვრობს. დიახ, ეს საქართველოა. როგორია ყოველდღიურობასთან ბრძოლა 275 ლარითა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით? მთავარ გამოშვებაში გაგიზიარებთ უკიდურესად გაჭირვებული ქალის ისტორიას, რომელსაც ერთადერთ იმედად მეზობლები დარჩა. ხანდაზმული ასაკობრივ პენსიას ბინის ქირაში იხდის, რადგან საცხოვრებელი არ აქვს, ფული არ რჩება წამლების შესაძენად, თანხა არც კომუნალური გადასახადებზე ჰყოფნის, საკვები კი ნაცნობებს მიაქვს. სად არის ამ დროს სახელმწიფო? იმის ნაცვლად რომ მსგავს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილ მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინოს, მას სოციალური დახმარებაც კი მოუხსნეს.
მესხეთის ქუჩის 29 ნომერში მდებარე ეს საცხოვრებელი, ნათელა ცინცაძემ, დაახლოებით, 4 წლის წინ იქირავა. პირობები რომ მძიმეა, თვითონაც იცის, თუმცა, წასასვლელი არსად აქვს. მარტოხელა ქალის ერთადერთი შემოსავალი, 275 ლარიანი ასაკობრივი პენსიაა, საიდანაც 200 ლარს ქირაში იხდის. მოხუცს, განსაკუთრებით, მისი შვილის პატიმრობის შემდეგ გაუჭირდა.
მარტოხელა მოხუცს კომუნალურების გადახდაც უჭირს. ამის გამო, ბუნებრივ აირს თითქმის არ რთავს. იშვიათად იყენებს ელექტროენერგიასაც, რადგან დავალიანება მეზობლის მრიცხველზე იწერება.
სოციალური დახმარება, თითქმის 2 წლის წინ შეუწყვიტეს. მიზეზი მისთვის დღემდე გაუგებარია. გვიყვება, რომ ფინანსური დახმარება არაერთხელ ითხოვა, თუმცა, სასურველი შედეგი, ვერ მიიღო.
71 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. უსახსრობის გამო კი, მდგომარეობა დღითიდღე უმწვავდება. თანხა, საკვებისთვისაც არ ჰყოფნის, ამიტომ, მარტოხელა ქალს, მეზობლები ეხმარებიან.
რატომ შეუწყდა მოხუცს ფინანსური დახმარება? სოცალური მომსახურების სააგენტოში, კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ხელმძღვანელის, ნოდარ ფუტკარაძემ იმ მიზეზით, რომ 9 აპრილი უქმე დღეა, საჭირო ინფორმაციის გადამოწმებაზე, უარი გვითხრა.