20, აპრილი 2021 21:59:00
მაშინ,როდესაც საწვავის ფასი 2 ლარი და 83 თეთრია. ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების გარვეული ნაწილი, თავს ტაქსტისიზე მუშაობით ირჩენს, „მაქსიმი“-თ მგზავრობის საწყისი ტარიფი,ისევ ერთ ლარს და ორმოცდაათ თეთრს შეადგენს. პანდემიის ფონზე მგზავრებისთვის ეს, ხელმისაწვდომია, თუმცა მძღოლები უკმაყოფილოა. პროტესტის გამოსახატად, ბათუმში ასამდე მძღოლი გაიფიცა და აქცია მოაწყეს.
კმაყოფილი მგზავრები და უკმაყოფილო „მაქსიმი“-ს მძღოლები. ტაქსის კომპანიაში დასაქმებულები დღეს გაიფიცნენ. აცხადებენ, რომ საწვავის მზარდი ფასის მიუხედავად, ისინი უცვლელი ტარიფით მუშაობენ და მოგება ფაქტობრივად არ რჩებათ. მძღოლები ამბობენ, რომ მომხმარებლების მდგომარეობის ესმით, თუმცა დღის ბოლოს, გამომუშავებული თანხით, თავად ვერაფრის შეძენას ვეღარ ახერხებენ.
გაფიცულმა მძღოლებმა, ბათუმის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყეს, მოგვიანებით კი კომპანია „მაქსიმი“-ს ოფისთან შეიკრიბნენ. გარდა უცვლელი ტარიფებისა, დასაქმებულებს, უკმაყოფილებისთვის კიდევ ერთი მიზეზი აქვთ. ამბობნენ, რომ „მაქსიმმა“ ბაზაში, სხვა პარტნიორი კომპანიების მძღოლებიც დაამატა, რის გამოც შეკვეთები დღითიდღე მცირდება.
მძღოლებს, ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთი შენიშვნა აქვთ. ირწმუნებიან, რომ აპლიკაციით, შეკვეთა ინიშნება მაშინაც კი, როცა კომენდანტის საათის დაწყებამდე ათი წუთია დარჩენილი. ამბობენ, რომ ხარვეზზე ადრეც უსაუბრიათ, გამოსწორების დაპირებაც მიიღეს, თუმცა ეს არ მოხდა.
კომპანია, დასაქმებულებს პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ანალიზი მიმდინარეობს და შესაძლოა მომსახურების ტარიფები გაძვირდეს, თუმცა ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, თეიმურაზ ქობულაძე მძღოლებს აქვე მოურიდებლად ეუბნება, რომ თუ პირობები არ მოსწონთ, შეუძლიათ, სამსახური დატოვონ.
დღეს, აპლიკაციით ტაქსის გამოძახება შეფერხებული იყო. შეკრებილები, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.