21, აპრილი 2021 21:30:00
კაფეები ტროტუარებზე. მსგავსი ტიპის კვების ობიექტები ბათუმში უკვე ახალი აღარაა და საკმაოდაც მომრავლდა. ცხადია, რომ პრობლემა ქვეითთა გადაადგილებას ართულებს. სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ვალდებულნი არიან ტროტუარის ფართობის მიხედვით, ქვეითებს შესაბამისი ადგილი დაუტოვონ, თუმცა ქალაქში გვხვდება კაფეები, სადაც გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. რამდენიმე მათგანს დღეს ჩვენს სიუჟეტშიც ნახავთ. როგორ არეგულირებს საკრებულო საკითხს და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ობიექტის მეპატრონე კანონს არღვევს?
თუ რომელიმე კვების ობიექტს, ღია სივრცეში დასაჯდომის მოწყობა და ამისთვის ტროტუარის ნაწილის ათვისება სურს, ამის თვითნებურად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ აქვს. მას საკრებულოს შესაბამისი დადგენილება არეგულირებს, თუმცა დარღვეული რეგულაციები ბათუმში იშვიათბას არ წარმოადგენს. ზოგიერთ მათგანს აქვს ნებართვა, თუმცა სადაოა რამდენად შეესაბამება მოქმედ სტანდარტს. ეს ტროტუარზე მოწყობილი კაფე, კობალაძის ქუჩაზეა. მეპატრონეს, საფეხმავლო ბილიკი ისე აქვს ათვისებული, რომ ფაქტობრივად მაგიდებს შორის უნდა გაიაროთ. ალტერნატივა, შუა ქუჩაში გავლაა.
მოქმედი რეგულაციით, როცა კაფე ტროტუარზეა გამოსული, ქვეითებისთვის ერთი მეტრი და 20 სანტიმეტრი სავალი ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი. ამ მოთხოვნას, ქუთაისის ქუჩაზე მდებარე რესტორანი „მიუნჰენი“ აკმაყოფილებს, თუმცა რესტორნის სტუმრებს და გადახურულ სივრცეს გვერდს ვერ აუვლით.
ბათუმის მერია მოქმედ რეგულაციაში ცვლილებებს გეგმავს და ამ ეტაპისთვის გაცემული ნებართვები შეჩერებული აქვს. მიუხედავად ამისა, კვების ობიექტები ტროტუარების გამოყენებაზე უარს არ ამბობენ.
ასეთ, ვითარებაში ყველაზე რთული, გადაადგილება ეტლით მოსარგებლებისთვისაა. შშმ პირების უფლებადამცველი ამბობს, რომ თვითმართველობა შესაბამის ნებართვებს ისე უნდა გასცემდეს, რომ არც ბიზნესის, არც მომხმარებლის და არც ქვეითების უფლება დაირღვეს.
ბათუმის მერია თავს ახლა მხოლოდ იმით იმართელბს, რომ ცვლილებებისთვის ემზადება და შეკითხვებზე არ გვპასუხობს. თვითმმართველობის არასწორ პოლიტიკას აკრიტიკებს ოპოზიცია.
ბათუმის მერიაში კიდევ უფრო საინტერესო პოზიცია აქვთ. აღნიშნავენ, რომ თუ ის ობიექტი, რომელსაც გაფრთხილება მიცემული აქვს, დადგენილ ვადაში შესაბამის ნებართვას არ წარადგენს, დაჯარიმდებიან. გამოდის რომ, დაინტერესებულ პირს შეუძლია ჯერ უნებართვოდ აითვისოს ტროტუარი, შესაბამისი ნებართვა კი მოგვიანებით აიღოს, ზუსტად ისე, როგორც ეს ხშირად უნებართვო მშნებლობებისას ხდება. ასეთია პასუხი რესტორან „ბელისიმოს“ შემთხვევაშიც.