03, მაისი 2021 21:59:00
სოციალურად დაუცველი ოჯახი ქობულეთში, რომელიც დახმარებას ითხოვს. მახარაძეებს სოფელ ქვედა კვირიკედან, გარდა იმისა, რომ არც საცხოვრებელი პირობები აქვთ სახარბიელო და არც სახსრები საარსებოდ, აქვთ კიდევ ერთი პრობლემა. ოჯახში, მძიმე, ქრონიკული პაციენტია. შაქრო მახრაძე აცხადებს, რომ სარეაბილიტაციოდ, დახმარებას არც ჯანდაცვის სამინისტრო უწევს და არც ადგილობრივი ხელისუფლება.
შაქრო მახარაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, 5 წელია ეტლით მოსარგებლეა. ფინანსური კრიზის მიზეზით, წლებია, მკურნალობის კურსს ვერ იტარებს. შესაბამისად, მისი მდგომარეობაც, დღითიდღე მძიმდება.
მატერიალური მდგომარეობა რომ უკიდურესად მძიმე აქვთ, ამას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მეუღლეც ამბობს. ... ერთადერთი სურვილი დღეს, ქმრის გამოჯანმრთელებაა, რასაც ოჯახი საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებს. შაქრო მახარაძის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რაც სპეციალურ პროცედურებს და შესაბამის ხარჯებს გულისხმობს.
3 წევრიანი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რასაც ასაკობრივი პენსია ემატება. თანხა, იმდენად მწირია, რომ საკვებსა და კომუნალური გადასახადებშიც არ ჰყოფნით. მახარაძეებს არც ხელისუფლების და არც ახლობლების დახმარების იმედი აქვთ.
დაეხმარება თუ არა სოციალურად დაუცველ მახარაძეებს ქობულეთის მერია? კითხვაზე საპასუხოდ უწყებაში დავრეკეთ, თუმცა, პრესსამსახურთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.