06, მაისი 2021 21:20:00
თევზაობა - ერთგვარი ტრადიციაა და ბევრისთვის უბრალოდ საყვარელი საქმიანობა. ჩვენს მიერ გამოკითხული მეთევზეები გვიყვებიან, რომ ეს სფერო, მათთვის უბრალოდ საკვების მოპოვების რიტუალი კი არა, კულტურის გაგრძელებაცაა. როგორც აღმოჩნდა, პანდემიამ თავისი წვლილი თევჭერაშიც შეიტანა. კერძოდ, მეთევზეები რეგულაცების გამო აღარ მუშაობენ და თავისუფალ დროს, სანაპიროზე, საყვარელი საქმიანობით გაჰყავთ.
სერგო ქამადაძე, 73 წლისაა, თევზჭერა ბავშვობიდან იზიდავს. ახალგაზრდობაში, სამსახურის გამო, საყვარელ საქმეს დროს, თითქმის, ვერ უთმობდა. ახლა კი, მისი ყოველი დილა ასე იწყება. საკუთარი ანკესი 22 წლის ასაკში იყიდა, მაშინ, როცა შვილი შეეძინა და სასეირნოდ სანაპიროზე გაჰყავდა. ამბობს, რომ ვაჟი მეთევზე არა, მაგრამ, მეზღვაური გახდა და წლებია უკვე შორეულ ნაოსნობაშია. ამბობს, რომ ზღვის სანაპიროზე გამოსვლა, შვილთან უფრო მეტად აახლოებს.
ახლა, ზურაბ შელია თევზის მოლოდინშია. მისთვის თევზჭერა განსაკუთრებული რიტუალია. ამბობს, რომ თევზაობისას დრო შეუმჩნევლად და სასიამოვნოდ გადის. მისთვის სათევზაოდ განსკაუთრებული სეზონი არ არსებობს. დაჭერილი თევზი ოჯახში და ახლობლებისთვის მიაქვს. ზღვის პროდუქტი არასდროს გაუყიდია. თევზაობა, მისთვის, უბრალოდ საკვების მოპოვების რიტუალი კი არა, კულტურის გაგრძელებაცაა.
28 წლის, დავით შავაძეს, თევზაობა ზღვის სიყვარულმა დააწყებინა. გვიყვება, რომ მეგობრებთან ერთად, თევზის დასაჭერად პატარაობიდანვე დადიოდა. ჰობმა, განსაკუთრებით ხიბლი, პანდემიის დროს შეიძინა. რეგულაცების გამო აღარ მუშაობს და დრო სანაპიროზე საყვარელი საქმიანობით გაჰყავს.
გამოცდილ მეთევზეებს თუ უბრალოდ მოყვარულებს გული წყდებათ, რომ ბათუმში, მეთევზეობისთვის საჭირო, სპეციალური საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. ამბობენ, რომ ხშირად თურქული გემები ჩვენს სანაპიროზე შემოდის, ზღვაში სეინერებს აგდებენ, რის გამოც, მეთევზეებს ანკესით თევზჭერა უჭირთ.