19, მაისი 2021 21:30:00
აჭარის განათლების მინისტრის უკვე ყოფილ მოადგილეს, რომელმაც დაკავებული პოზიცია გუშინ დატოვა, ზაურ ახვლედიანი ჩაანაცვლებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის სავარძელი ჯერ მორგებულიც კი არ ჰქონდა და უკვე ახალ პოზიციაზე გადაიყვანეს. მოკლე დროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ოპოზიციაში, მოახლოებულ თვითმმარტველობის არჩევნებს უკავშირებენ.
ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზუსტად 2 წლის წინ გააკეთა. თორნიკე რიჟვაძემ განათლების სამინისტროში ახლებური მიდგომების დასანერგად, ინგა შამილიშვილის მოადგილედ ალექსანდრე დავითაძე წარადგინა. რიჟვაძის ფავორიტი პოსტზე საქმიანობას 2 წლის განმავლობაში ახორციელებდა. მოულოდნელი გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ კი საზოგადოების წინაშე გუშინ გახდა ცნობილი.
ალექსანდრე დავითაძე რომ რიჟვაძის სანდო კადრი იყო, ამაში ბოლო 2 წლის განმავლობაში მომხდარი ამბების გახსენებაც დაგარწმუნებთ. ეს 2019 წლის 26 მაისია. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მსვლელობა, რომელზეც მაშინდელი განათლების მინისტრი რუსული დროშების ფონზე თავის მოადგილესთან, ალექსანდრე დავითაძესთან ერთად გადაადგილდებოდა. ეს ფაქტი, მაშინ ინგა შამილიშვილის თავიდან მოსაშორებლად რიჟვაძისთვის საკმარისი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, პოსტზე ალექსანდრე დავითაძე დარჩა. დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა სავარაუდოდ, მას რიჟვაძის ფაქტორი და იმუნიტეტეტი იცავდა.
ალექსანდრე დავითაძემ, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის გუნდის წევრად მოიაზრებდნენ, სოციალურ ქსელში გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა, სადაც წერს, რომ 2 წელიწადსა და 4 თვეში ბევრის გაკეთება მოასწრო და სამინისტროს საქმიანობაში მისი ჩართულობის საჭიროებას უკვე ვეღარ ხედავს.
გაარძელებს თუ არა ახლებური მიდგომების დანერგვას განათლების სამინისტროში ახალი მოადგილე, რომელიც კარგად ნაცნობი ძველი კადრია, ამას დრო აჩვენებს.