28, ივლისი 2021 10:18:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი იყო, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ცაგერში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვერცხლისფერი ნაძვის ნაცვლად, ობიექტი მოაწყო იაფფასიანი ჯიშის მცენარეებით, რის შემდეგაც ოფიციალურ დოკუმენტში შეიტანა ყალბი მონაცემები დარგული მცენარეების სახეობასთან დაკავშირებით, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თანხას.
„გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა ანაზღაურებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 - მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, -ნათქვამია ინფორმაციაში.