31, ივლისი 2021 10:45:00
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე კორონავირუსი კიდევ 21 ადამიანს გამოუვლინდა, რომლებიც მის ჩატარებასთან არიან კავშირში. მათგან 16 იაპონელია, 5 კი უცხოელი. ინფორმაციას იაპონური მედია ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფიცირებულთაგან სპორტსმენი არც ერთია. სულ ოლიმპიადის ფარგლებში 241 ადამიანი დაინფიცირდა. მედიის ცნობით, ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, იაპონიაში ამ დრომდე 40 500-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.
მოქმედი წესებით, ოლიმპიადაზე მონაწილეები მაქსიმუმ 5 დღით ადრე უნდა ჩავიდნენ და საკუთარი გამოსვლიდან 48 საათში უნდა დატოვონ იაპონია. ამასთან, შეჯიბრებების დიდი ნაწილი მაყურებლის გარეშე ტარდება.