26, აგვისტო 2021 20:18:00
პოლონეთში, ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 15 წლის მარიამ მურღვლიანი პირველ ადგილზე გავიდა. მან ოქროს მედლები აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში მოიგო და სამივე დისციპლინაში რეკორდები დაამყარა.
დებიუტანტმა ქართველმა ძალოსანმა ატაცში 85 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში - 105. მან ორჭიდის ჯამში დაძლეული 190 კილოგრამით (85+105=190) პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე თურქეთის წარმომადგენელი გავიდა (ორჭიდი - 184 კგ), მესამეზე კი – პოლონეთის (ორჭიდი - 169 კგ).
მარიამ მურღვლიანი ხონის სპორტსკოლას წარმოადგენს. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის განცხადებით, მარიამი პირველი ქართველი გოგონაა, ვინც კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლები დაისაკუთრა.