არჩევნებამდე 22 დღე რჩება, პარტიული სიები უკვე დაკომპლექტებულია. თითოეული პოლიტიკური სუბიექტი ვალდებულია, სიის ყოველი მესამე წარმომადგენელი განსხვავებული სქესის ჰყავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „მაცნე“ დღეს დაინტერესდა, ვინ როგორ დაალაგა გუნდი რეგიონში და რა ნიშნით შეარჩიეს პქალები პოლიტიკისთვის?თეო ფუტკარაძე მუშაობდა თემაზე, რომელიც ახლა შემოგვიერთდება.
ნინო ცხვარაძე ქართულ პოლიტიკაში სულ ახლახანს გამოჩნდა. პროფესიით ჟურნალისტი, „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა და ბათუმის საკრებულოს პარტიული სიის მეცხრე ნომერს იკავებს. გვიყვება, რომ გუნდის 30 კანდიდატიდან, 10 ქალია. რა ნიშნით შეარჩიეს განსხვავებული სქესის წარმომადგენლები? ცხვარაძე ამას თანაგუნდელების პროფესიონალიზმითა და შესაძლებლობებით ხსნის. იგი ამტკიცებს, რომ ქალთა რაოდენობა დაწესებულ კანონს არ უკავშირდება. არა და, თუ კი მოცემულობას გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ პარტიამ მხოლოდ კვოტირებით განსაზღვრული ნორმა დააკმაყოფილა.
ცხვარაძის მსგავსად, ქართულ პოლიტიკაში თავისი სიტყვის თქმას დაგვპირდა ეკატერინე დავითაძეც. იგი, თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს, „ლელოს“ სახელით იყრის. თუ კი ხაზარაძის გუნდს გადავხედავთ, აქ, ქალების რაოდენობა კვოტირებით განსაზღვრულ ნორმას აჭარბებს. სწორედ ამიტომ, პარტიული სიის მესამე ნომერი გვარწმუნებს, რომ განსხვავებული სქესის წარმომადგენლები არა კანონის, არამედ მათი შესაძლობლებიდან გამომდინარე აირჩიეს. დავითაძის თქმით, ქალებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული სიის დაკომპლექტებისას, კვოტირებით გათვალისწინებული ნორმა ზუსტად დაიცვა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი საკითხია, სადაც ოპოზიცია მმართველ გუნთან თანხვედრაში მოდის. „ქართული ოცნების“ მსგავსად, აქაც, პარტიულ სიაში, 10 ქალია. „მაცნე“ დღეს, ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა. თეკლა კავაზაშვილი სიით მესამე ნომერია. ახალბედა პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ კანდიდატთა შერჩევისას, განსაკუთრებული ყურადღება, ახალგაზრდა, ენერგიულ და აქტიურ მოქალაქეებზე გაამახვილეს.
ყველა ზემოთ ხსენებული გუნდისგან განსხვავებით, „ევროპული საქართველო“ ერთადერთია, რომელმაც პარტიულ სიაში ადგილი ზუსტად იმდენ ქალს დაუთმო, რამდენიც კაცია. აქ, 28 დასახელებული კანდიდატიდან 14 განსხვავებულ სქესს წარმოადგენს. აღსანიშნავია ერთი გარემოება. სულ რაღაც 1 თვის წინ, ოპონენტებმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირეს, რომლითაც პარტიული სიების დაკომპლექტების ფორმა გააპროტესტეს. კერძოდ, გუნდი ეწინააღმდეგებოდა დადგენილ ნორმას, რომ გუნდში ყოველი მე-3 განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო. დღეს კი გენდერული ბალანსის ზუსტი დაცვით თავს იწონებენ.
როგორ შეიძლება შეფასდეს ადგილობრივ დონეზე, პარტიების მიერ დაკომპლექტებული სიები? ვკითხეთ ბათუმის გენდერის მედია-ცენტრის დირექტორს. თამილა დოლიძის თქმით, წინა წლებთან შედარებით, მოცემულობა სახარბიელოა. მისივე განმარტებით, ქალები პოლიტიკურ ასპარეზზე თავს რთულად იმკვიდრებენ, რასაც ასე ხსნის:
საბოლოოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ რეგიონში თითქმის ყველა პარტიამ კვოტირებით გათვალისწინებული ნორმა დაიცვა, თუმცა, საკითხავია რამდენად მოხვდებოდნენ ქალები სიებში, რომ არა კანონი. ამაზე თითოეული გუნდის გასული წლების წინასააჩევნო სიებიც კარგად მოწმობს.