23, სექტემბერი 2021 11:13:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.პ. თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.
„პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება და "ამფეტამინის“ შემცველი 83 გრამი ნარკოტიკი", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას იმის მიერ, ვისაც წარსულში აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული აქვს ჩადენილი.
"დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.