23, სექტემბერი 2021 18:20:00
ავარიული ჩახერგილი გზა და განადგურებული ნარგავები. გიყვებით შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახზე მაღალმთიანი აჭარიდან, რომელიც ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებელმა კომპანიამ დააზარალა. საქმე იმაშია, რომ ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით „სინოჰიდრო“-ს წარმომადგენლებმა ფერდობიდან აღებული გრუნტი, სოფლის შიდა საუბნო - საავტომობილო მონაკვეთზე დაყარეს. შედეგად ოჯახს აღარც გზა აქვს და არარც ხეხილის ბაღი, რომელიც მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. საკუთარი მოქალაქის ინტერესების დასაცავად არც მუნიციპალიტეტი ზრუნავს და არც საავტომობილო გზების დეპარტამენტი. რა ბედი ელის შავაძეების ოჯახს? ეკატერინე ბარამიძე გიამბობთ.
ასეთ მდგომარეობაშია, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურაში, შავაძეების საცხოვრებელ სახლთან დამაკავშირებელი გზა. ეს სურათი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ბათუმი - ახალციხის დამაკავშირებელი მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, ფერდობიდან აღებული გრუნტი, მშენებელმა კომპანიამ, სოფლის შიდა საუბნო - საავტომობილო მონაკვეთზე დაყარა. შედეგად, არა მარტო ოჯახებამდე მისასვლელი ჩაიკეტა, არამედ შავაძეების მთავარი შემოსავლის წყარო - ხეხილის მრავალწლოვანი ხეები განადგურდა. იქ, სადაც სარეალიზაციოდ კაკალს, ვაშლსა თუ ბალს კრეფდნენ, ხეების ნაცვლად ახლა ლოდები ყრია.
აქ ხანგრძლივი და ცივი ზამთარი იცის. იქედან გამომდინარე, რომ გზა ჩახერგილია, ოჯახებმა სათბობი შეშის მომარაგებაც ვერ შეძლეს. დაზიანებულია გარე განათებაც.
დაზარალებული ოჯახი კომპენსაციას ითხოვს. ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც მრავალწლოვანი ნარგავები იყო გაშენებული, საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი კი, პოლიციამ იმ დღეს წაიღო, როდესაც დასახმარებლად, სამართალდამცავ უწყებას ადგილზე მისვლა სთხოვა.
ფაქტი რამდენიმე კვირის წინ მოხდა,ადგილობრივ ხელისუფლებას კი დღემდე არაფერი გაუკეთებია. ხულოს მერიაში სატელევიზო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამის უწყებას სიტყვიერად მიმართეს. რაც შეეხება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომლის კონტრაქტორმა კომპანიამ მოქალაქეები დააზარალა. აქ ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობენ და ფაქტს შესაბამისი რეაგირება ექნება.
ხულო -ზარზმის დამაკავშირებელი გზის, დაახლოებით, 42 კილომეტრიან მონაკვეთზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია „სინოჰიდრო“ ახორციელებს.