27, სექტემბერი 2021 11:36:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.
როგორცუწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის - 1950 წელს დაბადებული მ.ბ.-ის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს.
"თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1000 ლარზე მეტ თანხას, 3000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - წერია განცხადებაში.
პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული სამკაულების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.