22, ოქტომბერი 2021 16:56:00
აქცია პერფორმანსი ხელვაჩაურში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, საავტომობილო გზის მიმდებარედ ერთ-ერთ ხიდზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის ბანერზე, პლაკატები გაშალეს, წარწერით - „თავისუფლება მიშას“. აქციაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა“და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობდნენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ექს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. პერფორმანსით გაღიზიანებული „ოცნების“ მხარდამჭერები, აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რამაც არეულობა გამოიწვია. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, თუმცა, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.