28, ოქტომბერი 2021 20:18:00
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. შემთხვევა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ქართული სოფლის, ლოპანის, მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ხაშურის რაიონის სოფელ ვაყის მაცხოვრებლები, ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე, ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ტყეში შეშას ჩეხავდნენ. ახალგაზრდა კაცები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად", - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.