24, ნოემბერი 2021 19:10:00
„გვესაჭიროება კონსულტანტი გოგონა“, „ბიჭებისთვის გვაქვს ვაკანსია სასტუმროში“, „ტექსტილში გვესაჭიროება მამაკაცები“, „მივიღებთ როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს 25წ-დან 45 წლამდე“- სოციალური ქსელები მსგავსი, დისკრიმინაციული ვაკანსიებით სავსეა. დამსაქმებლების მოთხოვნები ძირითადად, ხაზს სქესს,ასაკსა და გარეგნობას უსვამს. ლანა ოსიშვილი ერთ-ერთია, ვინც ფეხმიძიმობის გამო, მსგავსი მიდგომების მსხვერპლი აღმოჩნდა.
მოქალაქეთა ნაწილი მსგავს მიდგომებს აკრიტიკებს. ამბობენ,რომ დისკრიმინაცია ყველა მეორე ფეხის ნაბიჯზე გვხდება, რაც პოტენციური დასაქმებულების უფლებებს არღვევს.
მიმდინარე წლის განმავლობაში დისკრიმინაციული მოპყრობის 15 შემთხვევა შრომის ინსპექციის სამსახურმა გამოავლინა. უწყებამ საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეამოწმა.
აჭარის პროფკავშირების გაერთიანებაში ამბობენ, რომ სქესზე, ასაკსა და გარეგნობაზე აქცენტირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როცა საქმე სილამაზის კონკურსებს ეხება. ზურაბ ცეცხლაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნები, შესაძლოა დამსაქმებლის კანონიერ ინტერესებს შეესაბამებოდეს.
პრობლემების აღმოფხვრას აჭარის დასაქმების სააგენტო დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლებით ცდილობს. თემურ კახიძე კომპანიების წარმომადგენლებს არწმუნებს, რომ სქესი, ასაკი და გარეგნობა შესრულებული სამუშაოს ხარისხს არ განაპირობებს.
შრომით დისკრიმინაციას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს. დოკუმენტში ასეთი ჩანაწერია: „აკრძალულია დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში , მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში.“