24, მაისი 2018 20:05:00
ბათუმის ბულვარში მაწანწალა ძაღლები დაიჭირეს. სტერილიზებული და სპეციალური ნიშნის მქონე ცხოველები ქალაქის გარეუბნებში გაუშვეს. კომპანია "სევერში" განმარტეს, რომ ცხოველები ბულვარში ტურისტებს საფრთხეს უქმნიდა, გარდა ამისა ისინი ყვავილებს აზიანებდნენ. "სევერში" ამბობენ, რომ სიტვიერი დავალება მერიაში გამართულ თათბირზე მიიღეს, თუმცა ვისგან არ აკონკრეტებენ. გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობენ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციაში. ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ სევერისთვის გაცემული დავალება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. მტკიცებულება არ აქვთ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ბათუმის მერი რამდენიმე დღის წინ მაწანწალა ძაღლმა დაკბინა. ფაქტის დაფიქსირების შემდეგ კი ბულვარიდან ძაღლების გაყვანა ლაშა კომახიძემ დაავალა. ინფორმაციას არ ადასტურებს ადრესატი. ბათუმის მერით თქმით, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადება სიცრუეა. იყო თუ არა ბათუმის მერის სამედიცინო დაწესებულებაში ჩვენთვის უცნობი დარჩა - "მაცნე" რამდენიმე კლინიკის წარმომადგენელს ესაუბრა, სადაც განმარტეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.