რამდენ საათს ძლებს ომიკრონი კანსა და პოლიეთილენის ზედაპირებზე? - იაპონელი მეცნიერების ახალი კვლევა

ომიკრონი

იაპონელმა მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც ომიკრონი ადამიანის კანზე 21 საათს, ხოლო პოლიეთილენის ზედაპირებზე 193.5 საათს ძლებს, რაც წინა შტამებთან შედარებით ნავარაუდევზე დიდი დროა.

ამის შესახებ Euronews წერს.

კიოტოს პრეფექტურული სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა აღმოაჩინა, რომ კორონავირუსის პირველად ვარიანტთან შედარებით მომდევნო შტამები უფრო მეტხანს აგრძელებდნენ არსებობას.

დასკვნაში წერია, რომ ომიკრონს აქვს „გარემოსადმი მაღალი მდგრადობა“ - ანუ მას ინფექციურ ვირუსად ხანგრძლივად შენარჩუნების უნარი აქვს. მეცნიერების შეფასებით, ამ უნარის გამო შესაძლებელი იყო, რომ იგი ჩაანაცვლებდა დელტას შტამს და უფრო სწრაფად გავრცელდებოდა.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ პოლიეთილენის ზედაპირებსა და კანზე ალფა, ბეტა, დელტა და ომიკრონის ვარიანტები 2-ჯერ მეტხანს ძლებენ ვიდრე ვუჰანში აღმოჩენილი ვარიანტი და კანზე ინფექციურობას 16 საათზე მეტხანს ინარჩუნებენ“ - წერს კვლევის ავტორი.

ომიკრონის შემთხვევაში პოლიეთილენის ზედაპირებზე ეს 193.5 საათია, რაც 8 დღეს უდრის. კანზე კი ვირუსი დაახლოებით 21 საათს ძლებს.

შედარებისთვის ორიგინალი ვარიანტი პოლიეთილენის ზედაპირზე 56 საათს ძლებდა, კანზე 8.6 საათს. დელტა ვარიანტი კი შესაბამისად  114 და 16.8 საათს.

„ამ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ომიკრონის ვარიანტს აქვს ყველაზე მაღალი მდგრადობა გარემოსადმი ყველა საგულისხმო ვარიანტს შორის. ეს მაღალი სტაბილურობა კი ასევე შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ომიკრონის ვარიანტს მისცა შესაძლებლობა, რომ დელტა ჩაენაცვლებინა და უფრო სწრაფად გავრცელებულიყო“ - ნათქვამია კვლევაში.

ყველა შტამის ვირუსის ნაწილაკები ეთანოლის სპირტის შეხებისას დაახლოებით 15 წამის შემდეგ წყვეტენ არსებობას.

შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით არსებული ინფექციის კონტროლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელების ჰიგიენის დაცვა სპირტის ბაზაზე დამზადებული სანიტაიზერით.

ევროპის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ომიკრონი დღეს ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია და მათ უმრავლესობაში დომინანტურ ვარიანტად იქცა. ფინეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების 99.9%, ხოლო ბელგიაში 99.7% სწორედ ომიკრონის შტამია.

მეტის ნახვა