არასაკმარისი დახმარება უკრაინელებს საქართველოსგან

ომის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ, ბათუმში მცხოვრები უკრაინელი დევნილები შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩნენ. საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებიც სახელმწიფომ უსასყიდლოდ, რამდენიმე სასტუმროში გაანაწილა. მთავრობის ახალი დადგენილებით, მათ საცხოვრებლები 31 ივლისს უნდა დაცალონ. ხელისუფლებამ მათთვის ალტერნატიული პროგრამა შეიმუშავა, თუმცა უკრაინელები შიშობენ, რომ ღია ცის ქვეშ მოუწევთ ყოფნა, რადგან იმ თანხით, რასაც სთავაზობენ, ცხელ სეზონზე ღამის გასათევის პოვნა შეუძლებელია.

სახელმწიფოს შეთავაზება ასეთია. ყოველი ოჯახი, რომელიც საომარი მოქმედებების გამო, თებერვალში ჩამოვიდა უკრაინიდან, ან ჩამოსული იყო და უკან დაბრუნება ვერ შეძლო, 1 აგვისტოდან, საქართველოს მთავრობა, ქირისთვის, 300 ლარს გადაუხდის, ხოლო თითოეულ წევრს, თვეში 45 ლარს კვების და კომუნალური ხარჯებისთვის. დევნილები ამბობენ, რომ თანხა იმდენად მიზერულია, ღია ცის ქვეშ ცხოვრებისთვის არიან განწირულები.

თითქმის ყველა ოჯახშია, მინიმუმ ერთი, მცირეწლოვანი. მშობლები ამბობენ, რომ სამუშაოს პოვნას მუდმივად ცდილობენ, თუმცა ამაოდ. მათი თქმით, იმდენად მიზერულ ხელფასს სთავაზობენ, რომ ბავშვებისთვის ძიძასაც ვერ ქირაობენ. აღნიშნავენ, რომ უმადურები არ არიან, თუმცა ფაქტია,  კვებისთვის განკუთვნილი 45 ლარი, მხოლოდ, ერთი თვის სამყოფი პურისთვისაც კი არ არის საკმარისი. დევნილი უკრაინელები რთულ პერიოდში დახამრებას ითხოვენ.

ამ დრომდე, მათ განთავსებაზე, აჭარაში, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ზრუნავდა. საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, ამიერიდან, მათ დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებელი, საქართველოს დევნილთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. პროგრამაში ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოში ან ინფორმაციისთვის დარეკონ ცხელ ხაზზე 1505. ამბობენ, რომ დამაიდებელს ვერსად ვერაფერს ისმენენ.

რა რესურსი და შესაძლებლობა აქვს საქართველოს იმ ქვეყნის მოქალაქეების დასახმარებლად, რომელსაც რუსეთი ეომება, შეუძლია თუ არა გაიღოს იმაზე მეტი, ვიდრე ამას აკეთებს - პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ კი.თუმცა, გენო თებიძის თქმით, ოცნების ხელისუფლება ამას სუბიექტური მიზეზების გამო არ აკეთებს და პროგრამა მინიმუმი, რომელსაც ახორციელებს, მხოლოდ მსოფლიოს თვალის ასახვევადაა. ,

ცხადია, კითხვებით დევნილთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ. რამდენად რეალურია იქირაო საცხოვრებელი თვეში 300 ლარად და თვიდან თვემდე ერთმა ადამიანმა იცხოვრო 45 ლარად, უწყებაში, განმარტებებისაგან თავი შიკავეს. არც იმაზე გვიპასუხეს, განიხილება თუ არა შეთავაზების გადახედვა.

მეტის ნახვა