დედა შვილების გამოსაკვებად პურს ნაგვის ურნებში ეძებს - მაია სურმანიძის უმძიმესი ისტორია

გიამბობთ მარტო დარჩენილი დედის უმძიმესს ისტორიაზე, რომელიც ორი შვილის გამოსაკვებად პურს ნაგვის ურნებში ეძებს. სიღატაკის გამო, მაია სურმანიძეს, შესაძლოა, შვილების გაშვება მინდობით აღზრდაში მოუწიოს. სიდუხჭირეში მყოფ ქალს პატიმარი მეუღლე ჰყავს, არ გააჩნია სამსახური და არც სხვა სახის შემოსავალი. დროებით მას სოციალური სტატუსიც შეუწყდა. მარტოხელა მშობელს არც კომუნალური სერვისების გადახდა შეუძლია, რის გამოც მოზარდებს სინათლისა და გათბობის გარეშე უწევთ ცხოვრება.

დედა, რომელსაც შვილების გამოსაკვებად სახსრები არ გააჩნია პურს ნაგვის ურნებშიც კი ეძებს. თავად, ხშირად, მშიერი  იძინებს. მაია სურმანიძის ყოველდღიურობა ქმრის დაპატიმრების შემდეგ, კიდევ უფრო, დამძიმდა.

მარტოხელა დედის ყოველთვიური შემოსავალი სოციალური დახმარება იყო, რომლითაც ბინის ქირის ხარჯებს ფარავდა. საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გამო,  რამდენიმე თვის წინ, ეს შემოსავალიც შეუწყდა. უსახსრობის მიზეზით, კომუნალური სერვისების საფასურის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც, ყინვასა და სიცივეში შუქი  და გაზი არ  მიეწოდება. უშუქობას 90-იანების მეთოდით ებრძვის.

შვილებს, სკოლაში, ტანსაცმელების არ ქონის გამო ვერ უშვებს. საგაკვეთილო პროცესის ხშირი გაცდენიდან გამომდინარე, სოციალური აგენტები, პატარების მინდობით აღზრდაში გაშვებას ურჩევენ. მაია სურმანიძეს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვს, რის გამოც მუშაობას ვერ ახერხებს. ამასთან, არავინ ჰყავს, ვისაც, სამუშაო საათების განმავლობაში, ბავშვებს  დაუტოვებს.

უმძიმეს ფინანსურ და სოციალურ პრობლემებთან მარტო დარჩენილი დედა,  მხოლოდ, საზოგადოების დახმარების იმედადაა. პატარების სრულფასოვან კვებასა და  სკოლაში თბილი ტანსაცმლით გაშვებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს. შიშობს, რომ თუ კი ასე გაგრძელდება, ბავშვებს, მინდობით აღზრდაში გადაიყვანენ.

მეტის ნახვა