ქალი ყოფილი ქმრის ოჯახს ძალადობაში ადანაშაულებს

23 წლის ქალი ყოფილი ქმრის ოჯახს  ძალადობაში ადანაშაულებს. საუბარია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე რელიგიური ნიშნით. დიანა ზოიძე ყვება, რომ დედამთილი, მამამთილი და ყოფილი მეუღლე ჩადრის ტარებას აიძულებდნენ. ყოველდღიური ძალადობის გამო, კი, როგორც დაზარალებული ამტკიცებს, სუიციდის მცდელობამდე მივიდა. საქმეს დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა, სადაც მოპასუხე მხარე განსხვავებულ ისტორიას ყვებოდა.

დიანა ზოიძე სასამართლომდე მეუღლის ძალადობამ მიიყვანა. იგი ამბობს, რომ წლების განმავლობაში, ქმრისგან და დედამთილ-მამამთილისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. ძალადობის ერთ-ერთი მოტივი, მუსლიმური ჩადრის ტარების იძულება იყო. როგორც თავად ყვება,  ყოველდღიურმა  მძიმე მდგომარეობამ,  სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა. ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლის აივნიდან გადახტა, რა დროსაც ხერხემლის დაზიანება მიიღო.

ყოფილი ქმრის ოჯახის მხრიდან ქალზე ძალადობის ფაქტებს ადასტურებს დიანას დაც. ყვება, რომ შელაპარაკებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს  თავადაც რამდენჯერმე შეესწრო. საკუთარი ოჯახი, ძალადობის მსხვერპლ ქალს  რეაგირებისკენ, მუდმივად,  მოუწოდებდა, თუმცა, იმის გამო, რომ  ქალს შვილების წართმევით ემუქრებოდნენ,  ქმართან  დაშორების გადაწყვეტილების მიღება,  წლების განმავლობაში გაუჭირდა.

მოპასუხე მხარე ამტკიცებს, რომ რძალი იტყუება. მათი თქმით,  ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ბრალდებებს  იგონებს. იმავეს იმეორებენ, ბოლო ინციდენტთან მიმართებითაც.  ამბობენ, რომ ყოფილი რძალი, ამ შემთხვევაშიც,  უტრირებს.

დღეს ბათუმის  საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. დაზარალებულად ცნობილი ქალის ყოფილი ქმარი წინასწარ პატიმრობაშია, მისი მშობლები კი, გირაოთი არიან გათავისუფლებულნი. ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები ძალადობას გამორიცხავენ, თუმცა, ვერ ამბობენ, რა მოტივით შეიძლება გადმომხტარიყო ქალი მეორე სართულის აივნიდან ან რატომ ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი სისტემატურად იყო.

3 შვილის დედა, ძალადობის მსხვერპლი 8 წლის განმავლობაში იყო. შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოხდა. როგორ დაისჯებიან ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პირები სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ქვეყანაში ქალები ქმრებისა და ოჯახის წევრებისგან ძალადობის მსხვერპლინი ხდებიან, თუმცა, ამაზე ღიად საუბარს, მხოლოდ, ერთეულები ბედავენ.

მეტის ნახვა