რამდენად რეალურია პოლიტიკურ ჰორიზონტზე მესამე ძალის გამოჩენა? - გამოკითხვა

დღეისთვის საქართველოში 150-მდე პარტიაა რეგისტრირებული. ამ პარტიების 80%-ზე მეტს კი პრაქტიკულად ამომრჩეველი არ ჰყავს. რთულია იმის თქმა, თუ რატომ გვაქვს ასეთ პატარა ქვეყანაში, ასეთი ციფრები, თუმცა ფაქტია, რომ რეალურად პოლიტიკურ ამინდს 2  მძლავრი იდეოლოგიის მქონე პარტია ქმნის:  „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. ხალხს ცვლილებები სურს,  არჩვევანს მაინც ამ ორ სუბიექტზე აკეთებს. ხედავს თუ არა მესამე ძალას საზოგადოება პოლიტიკურ ჰორიზონტზე? მაცნე დღეს ამ კითხვით დაინტერესდა.

წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებების მმართველობებს ხალხი ამგვარად აფასებს. მოქალაქეები თვლიან, რომ ორი ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია ერთმანეთთან, წლების განმავლობაში, კინკლაობასა და წარსულის გახსენებას საზოგადოების ინტერესებს აყოლებს. წლები გადის, ხალხი და მათი საჭიროებები  კი არავის ახსოვს.

მოქალაქეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების დროა. საზოგადოება გამოსავალს, პოლიტიკურ ჰორიზონტზე ახალი და ხალხისთვის სანდო გუნდის გამოჩენაში ხედავენ, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს დაძლევს, დაარეგულირებს ფასებს პროდუქტსა და მედიკამენტებზე, ასევე, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას შეამცირებს.

გამოკითხულთა ნაწილს სურს, რომ ახალი ძალა გამოჩნდეს, თუმცა, რეალური შანსის მოლოდინი არ აქვს.  ამბობენ, რომ ოპოზიცია და პოზიცია არ დაუშვებს ხელისუფლება ახალ ძალას ჩაბარდეს. როგორც ხალხი ფიქრობს, „თბილი სავარძლის გემო“ ორივე მსხვილმა პარტიამ კარგად  იცის და მმართველობითი სადავეების დათმობა გაუჭირდებათ.

მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ  სიახლე საჭიროა, თუმცა, ამის წინაპირობას ვერ ხედავენ. საპარლამენტო არჩევნები კი, მომავალ წელსაა. ისინი გამოსავალს პარტიების შეთანხმებაში ხედავენ. ამბობენ, რომ დროა ყველა ევროპული მომავლისთვის გაერთიანდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა 9 წელს ითვლის, „ქართული ოცნება“  კი, ქვეყანას, 10 წელია მართავს. ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ იჩინა თავი და მცირე ოდენობით, საკრებულოებსა და პარლამენტში მანდატებიც მოიპოვეს, თუმცა, მოქალაქეები, დღემდე, მხოლოდ, ორ ძირითად პოლიტიკურ აქტორზე საუბრობენ. წლების მიუხედავად „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ აქტუალობა არ დაუკარგავთ. მოქალაქეებს ცვლილებები სურთ, მაგრამ, ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების ფონზე, უჭირთ წარმოდგენა, რომ შესაძლოა, ქვეყანას სათავეში ახალი ძალა ჩაუდგეს.

მეტის ნახვა