ახალი ამბები • 1747046220
საქართველო ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობება
საქართველო და არა მხოლოდ საქართველო, ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობება. ქართული ესტრადის მომღერალს, მსახიობს, სცენარისტსა და კინორეჟისორს ხვალ კრძალავენ. ლეგენდარულ ხელოვანთან დასამშვიდობებალად, სამოქალაქო პანაშვიდი, ორი დღის განმავლობაში გრძელდება. ვახტანგ, მეტსახელად ბუბა კიკაბიძეს, უდიუდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ესტრადისა და კონოს განვითარებაში. დამსახურებული აქვს არაერთი საერთაშორისო და სახელმწიფო ჯილდო. შესრულებულ როლებთან და შექმნილ ფილმებთან ერთად, მის სახელს უკავშირდება ანშლაგით ჩავლილი კონცერტები მსოფლიოს მასშტაბით. ვახტანგ კიკაბიძე იმ ერთეულებს შორისაა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, უარი თქვა რუსეთში კონცერტების გამართვაზე. მან რუსეთს უარი უთხრა მეგობრობის ორდენის მიღებაზეც. 2022 წელს, დაწყებისთანავე დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ლეგენდარული ხელოვანი, 2020 წლიდან იყო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. ადამიანური და პროფესიული ღირსების გამო, იგი ყველა თაობისთვის საყვარელი პერსონა იყო.
თაობების ცვლამ, ბუბა კიკაბიძის პოპულარობას ვერაფერი დააკლო. მომღერლისა და მსახიობის შემოქმედებას ყველა მისი თანამედროვე ეცნობოდა, უსმენდა, უყურებდა და იყვარებდა.
დროს, მომღერლისა და მსახიობის ყველა ნამღერმა და როლმა გაუძლო. ალბათ ასე იქნება მომავალშიც. სხვაგვარად უბრალოდ რთული წარმოსადგენია, რადგან რამდენჯერაც არ უნდა ნახო ბუბა იგივე როლში, რამდენჯერაც არ უნდა მოუსმინო ბევრჯერ ნამღერს, ყოველ ჯერზე აღმოაჩინეთ კიდევ უფრო დიდ ოსტატობას, მეტად მორგებულ ხასიათს და განწყობას, რომელიც გადამდებია, სიყვარულს, რომელსაც იგრძნობთ და ინდივიდუალიზმს, რომელიც ახლად გაგაოგნებთ.
უყვარდა სიმღერა, ცეკვა, მოლხენმა. ეს მის როლებშიც ძალიან კარგად ჩანდა. ორ პროფესიას ყოველთვის საუცხოოდ უთავსებდა ერთმანეთს.
ვიდრე მისი სიცოცხლის წლები გავიდოდა, ბევრი მოასწრო. ქართველ ხალხს და არა მხოლოდ ჩვენ, დაგვიტოვა უამრავი სახასიათო და საყვარელი გმირის სახეები. იყო ბენჟამენ ღლონტი, ფილმში - „არ დაიდარდო“, მედროგე პავლე, „ვერის უბნის მელოდიებში“, ვალიკო მიზანდარი „მიმინოში“ და სხვა.
სამსახიობო და საესტრადო კარიერის პარალელურად, იყო დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: „იცოცხლე გენაცვალე“, „მამაკაცები და სხვები“. კიდევ უფრო ადრე, იყო ფილარმონიის არტისტი, მღეროდა ანსამბლებში, იყო ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერა“-ს სოლისტი.
უდიდესი ნიჭი და შემოქმედება არაერთი ჯილდოთი დაუფასდა. მიღებული აქვს პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმში - "არ დაიდარდო", პრემია ფილმისთვის - “მიმინო“, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი, უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალების ლაურეატი და სხვა.
საესტრადო მომღერალს, სცენარისტს, კინორეჟისორს და სიმღერების ავტორს, ვახტანგ კიკაბიძეს საქართველო, უკვე ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი, ქაშვეთის ეკლესიაში, დღეს, 18 იანვარს სრულდება.
საქართველოს სახალხო არტისტი, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუბა კიკაბიძეს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ხვალ გაასვენებენ. ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

1739131407