ახალი ამბები • 1747046220
საქართველოში მარილს ჭარბი რაოდენობით მოიხმარენ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა - რეკომენდაციები
საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად 9 მილიგრამამდე მარილს მოიხმარს. დოზა მნიშვნელოვნად აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ რაოდენობას. ჯანმო მიიჩნევს, რომ თუკი ადამიანები 5 მილიგრამამდე შეამცირებენ მარილის გამოყენებას, მომდევნო 15 წლის განმავლობაში საქართველოში, 10 ათასამდე სიცოცხლე გადარჩება. იგივეს ამბობენ სპეციალისტებიც, რომლებიც განმარტავენ, რომ ბევრი მარილის მოხმარება ჯანმრთელობას ვნებს. ჯანმოს საქართველოს ოფისის ცნობით, ჩვენს ქვეყანასთან მარილის შემცირების სტრატეგიებზე დიალოგს იწყებენ.
მარილის ზომიერი მიღება ორგანიზმისთვის აუცილებელია. ის შეიცავს ნატრიუმს და მონაწილეობს ორგანიზმში ნატრიუმისა და კალიუმის ცვლაში, თუმცა, მისი გადაჭარბებული რაოდენობა, შესაძლოა სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდეს. ნუტრიციოლოგი ამბობს, რომ მარილის დიდი დოზით მოხმარებამ შესაძლოა ყველა ის პრობლემა გამოიწვიოს, რომელიც არტერიულ წნევასთანაა დაკავშირებული: გულის, თირკმლების დაავადება და ინსულტი. რუსუდან კვანჭახაძის განმარტებით, ამის მიზეზია მარილის თვისება, შეაკავოს ორგანიზმში წყალი.
საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა ყოველდღიურად 8.5 მილიგრამ მარილს მოიხმარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ დოზას – 5 მილიგრამს დღეში. ჯანმო სპეციალურ განცხადებაში იუწყება, რომ ბევრი მარილის მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორია. ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე სპეციალისტებმა კონფერენციაზე სახელწოდებით - „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“ იმსჯელეს. კონფერენციაზე კვლევის ანგარიშები, ევროკავშირის ქვეყნების მაგალითები და პრობლემის გადაჭრის გზები მიმოიხილეს.
ჯანმოს ინფორმაციით, მარილის მოხმარების შემცირების შედეგად, საქართველოში, მომდევნო 15 წლის განმავლობაში გადარჩება 10 000-მდე სიცოცხლე, ხოლო, ეკონომიკური მოგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 20 თეთრამდე თანხა იქნება. საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებს მარილის გამოყენების შემცირებისკენ და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვისკენ.
ჩვენს მოსახლეობაში 18–69 წწ ასაკის მოზრდილ პირებში მარილის მოხმარების მაჩვენებელი, საშუალოდ, 8,5 გრამია – ქალებში 7,4 გრამი, მამაკაცებში – 9,7 გრამი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მარილის დღიური დოზის 5 გრამამდე შემცირება გამოიწვევს არტერიული წნევის კლებას, იმ დონემდე, რომ ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა 24%-ით, ხოლო, გულის დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 18%-ით შემცირდება.

1739131407