თიბისიმ ღონისძიებას - "აჭარა: ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმოხილვა" - უმასპინძლა

თიბისიმ ბათუმში რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესსექტორისა და მთავრობის წარმომადგენლებმა ქვეყნის ეკონომიკაში აჭარის როლი მიმოიხილეს. სექტორული კვლევის თანახმად, აჭარაში ტურიზმი, გამოწვევების მიუხედავად, ძლიერ აღდგენას განაგრძობს. 2022 წლის მაისის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 319 796 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა. მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, 259 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 96%-იან აღდგენას ნიშნავს. ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ბათუმში ტურიზმის აღდგენა კიდევ უფრო ძლიერია.

თიბისი კაპიტალმა აჭარის ტურიზმის, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული უძრავი ქონებისა და მაკროეკონომიკური ინდიკატორების შესახებ, განახლებული კვლევა წარადგინა. ამ უკანასკნელის მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 10%-ზე მეტს შეადგენს. ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით, აჭარის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად იზრდება და მისი ზრდის მოლოდინი დაახლოებით 18.5%-ს შეადგენს.

აჭარის ეკონომიკის ნახევარზე მეტი ტურიზმის სექტორთანაა დაკავშირებული. სასტუმროებისა და რესტორნების, სხვა ტურისტული მომსახურებისა და უძრავი ქონების ოპერაციების წილი აჭარის ეკონომიკის დაახლოებით, 35%-ს შეადგენს. რეგიონში დასაქმებისა და ხელფასის მაჩვენებლები ეკონომიკურ აქტივობასთან თანხვედრაშია. 2022 წლის პირველ კვარტალში, აჭარის ბიზნესსექტორში დასაქმების მაჩვენებელი 12.3%-ით აღდგა. ამავე პერიოდში, საშუალო ხელფასის ზრდამ 20.8% შეადგინა, თავად საშუალო ხელფასმა კი - 1 257 ლარი.

სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური ინდიკატორების მიუხედავად, აჭარაში გამოწვევად რჩება ინფლაცია, რომლის მაჩვენებელი 2022 წლის მაისის მდგომარეობით 13.9%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარაში აზარტული თამაშების მიმართულებით დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2022 წლის პირველ 5 თვეში,  საცხოვრებელი უძრავი ქონების რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, 42%-ით გაიზარდა. ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენისა და გაძლიერებული მიგრაციის გათვალისწინებით, ტრანზაქციების რაოდენობის შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი. ამავე მიზეზებით, გაქირავების ფასიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2022 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა - 29%-ით, გასაყიდი ფასი კი 6%-ით გაიზრდება.

მეტის ნახვა