ინდოელი სტუდენტები ქუთაისის აწსუ-ს წინააღმდეგ - ახალგაზრდები დაწესებულებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ქუთაისის აწსუ

ინდოელი სტუდენტები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები საგანმანათლებლო დაწესებულებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ახალგაზრდები ყვებიან, რომ  სწავლის საფასური სრულად აქვთ დაფარული, თუმცა სასწავლებელმა, მათგან გაუგებარი მიზეზების გამო, ყველა მათგანს სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა. საუბარია 80-მდე პირზე.

ისინი მედიცინის მიმართულებით მეხუთე კურსის სტუდენტები არიან, უნივერსიტეტში კი შუამავალი კომპანიის „გლობალ ედიუქეიშენ ინსტიტუტის“ დახმარებით მოხვდნენ. საგანმანათლებლო დაწესებულებას გადასახადს სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით უხდიდნენ.

როგორც ახალგაზრდები ყვებიან, ბოლო 2 წლის საფასური, რაც თითოეულ მათგანზე 9 ათას დოლარს შეადგენს, თავად კომპანიამ მიითვისა, ხოლო სასწავლებელს თაღლითობაზე რეაგირება არ აქვს. უფრო მეტიც, დაწესებულება მათ გამოცდებზე გასვლის უფლებას არ აძლევს.

რაც შეეხება თავად უნივერსიტეტის პოზიციას, აქ გვითხრეს, რომ საკითხზე შუამავალ კომპანიასთან კონსულტაციები გამართეს და პრობლემის მოგვარებას 15 მარტამდე ელოდებიან. 

არსებობს ხელშეკრულება 2012 წლიდან, რომლის მიხედვითაც ჩვენ ურთიერთვალდებულება გვაქვს შუამავალ კომპანიასთან. ისინი თავის დროზე თავისი ხელშეკრულების საფუძველზე ურიცხავდნენ თანხას ამ კომპანიას, საიდანაც სწავლის საფასური უნივერსიტეტამდე მოდიოდა.

2012 წლიდან გასული წლის ბოლომდე რაიმე პრობლემა არ ყოფილა ამ კომპანიის მხრიდან თავისი ვალდებულებების შესრულებაზე. როგორც კი წარმოიშვა გარკვეული შეფერხება თანხის ჩარიცხვაზე, უნივერსიტეტი, ცხადია, ხელმძღვანელობს მის მიერ არსებული მარეგულირებელი დოკუმენტებით. ჩვენ ვალდებულნი და იძულებულნი ვიყავით სტუდენტებისთვის შეგვეჩერებინა სტატუსი.

თუ ეს თანხა "გლობალ ედიუქეიშენ ინსტიტუტმა" არ ჩაგვირიცხა, ვერ გავაგრძელებთ სტუდენტებთან მომსახურებას. ჩვენი ინტერესი არაა, რომ ბოლო სასწავლო კურსამდე მისულმა სტუდენტმა დიპლომი ვერ აიღოს, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქეთაც ვერ გავალთ, ეს ჩვენი დარღვევა იქნება. შესაბამისად, შევუჩერეთ სტატუსი, ეს ინფორმაცია ეცნობა კომპანიასაც, იყვნენ ჩამოსულები, ისინიც რაღაც მიზეზების გამო შეწუხებულნი ჩანდნენ, შემდეგ დავაზუსტეთ ზუსტი ციფრები, ვის რამდენი აქვს დავალიანება, შევჯერდით, გავუგზავნეთ შეთანხმების დოკუმენტიც, რომ პრობლემა მოკლე დროში მოიხსნას, ეცნობიან დოკუმენტს და 15 მარტამდე ეს საკითხი უნდა იყოს დარეგულირებული.

როგორც კი შეთანხმება შედგება ჩვენ შორის, მივცემთ კომპანიას საშუალებას თანხა ჩარიცხოს ეტაპობრივად, სტუდენტებს კი აღვუდგენთ სტატუსს, სასწავლო პროცესში ჩამორჩენა არ ექნებათ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დავალიანება ივნისამდე სრულად იყოს დაფარული, რათა სტუდენტმა შეძლოს გამოცდებზე გასვლა და დიპლომის აღება. კომპანიისგან აქტიურობას ვხედავთ და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ", - გვითხრა სერგო სვანაძემ, აწსუს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, რა ბედი ელით სტუდენტებს, სვანაძემ გვითხრა, რომ მსგავს სიტუაციაში უნივერსიტეტს იურიდიული ბერკეტები არ გააჩნია და საკითხი სტუდენტებისა და კომპანიის კერძო დავა იქნება.

"სასწავლებელს იურიდიულად ბერკეტი არ გააჩნია, რადგან ჩვენ ვემსახურებით სტუდენტს, რომელსაც სწავლის საფასური აქვს ჩამორიცხული. თუ სტუდენტმა ჩარიცხა კომპანიასთან და კომპანიამ არ მოგვაწოდა, ეს უკვე კომპანიისა და სტუდენტის დავის საგანია", - თქვა სვანაძემ.

უნივერსიტეტმა „გლობალ ედიუქეიშენ ინსტიტუტის“ საკონტაქტო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. აღნიშნული კომპანია საძიებო სისტემით არ იძებნება, მათ არ გააჩნიათ ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, ანალოგიური პრობლემები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდოელ სტუდენტებსაც ჰქონდათ. TV 25-ის მიერ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟისა და გადაცემის შემდეგ, მათ სწავლის გადასახადიც გაუნულდათ და დიპლომებიც დროულად აიღეს.

მეტის ნახვა