ამორტიზებული გზები და დისკომფორტი ბათუმის ქუჩებში

ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ბათუმში - გიყვებით ქუჩებზე, სადაც გადაადგილება ყოველდღიურად რთულდება. სავალ ნაწილებზე წარმოქმნილი ორმოებით უკმაყოფილონი არიან ქვეითები. ვითარება კი განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის მძღოლებს. მათი თქმით, არსებული სურათის გამო, ავტომობილები ხშირად უზიანდებათ. რას გეგმავს ქალაქის მერია შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად?.

ავარიული გზები და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ბათუმის ქუჩებში ყველას, განსაკუთრებით კი, მძღოლებს აწუხებთ. აცხადებენ, რომ ქალაქში არსებული ორმოების გამო, ავტომობილები, ხშირად, უფუჭდებათ. მათივე თქმით, არაერთხელ რეაბილიტირებული ქუჩები, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, მალევე ფუჭდება.

სახარბიელო ვითარება, არც ქალაქის ცენტრალურ უბნებშია. გორგილაძის ქუჩაზე მოწყობილი ბასლაინები კატასტროფულ ვითარებაშია. მძღოლების თქმით, მანქანები მუდმივად უფუჭდებათ და ავტომობილებს ტექ-დათვალიერებას, სწორედ, ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო ვერ უტარებენ.

იმედი, რომ ხელისუფლება, წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოაგვარებს, არ აქვთ, რადგან მმართველ გუნდს, ვითარების გამოსასწორებლად არაერთხელ უშედეგოდ მიმართეს. ახლა კი, რეალობასთან შეგუებას ცდილობენ.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს, რომ გზების რეაბილიტაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. აკაკი ბერიძის განცხადებით, პირველი იანვრიდან, დღემდე, კეთილმოწყობის სამუშაოები 16 ათასი კვადრატული მეტრის მონაკვეთზე ჩატარდა.

რაც შეეხება მასშტაბური პრობლემის მოგვარებას, აკაკი ბერიძის თქმით ათეულობით ქუჩის კეთილმოწყობაზე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, ჯამში, 59 მილიონ 354 ათას ლარს დახარჯავს.

მეტის ნახვა