გზის რეაბილიტაცია ნელი ტემპით

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სატრანსპორტო კოლაფსი  კვლავ მოუგვარებელი პრობლემაა.  მძღოლებს რამდენიმე საათიან საცობში ყოფნა გზის დაუსრულებელი რეაბილიტაციის გამო უწევთ. ადგილზე სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყებაში, შექმნილი ვითარების შესახებ კარგად იციან და არც იმას უარყოფენ, რომ მოქალაქეებს დისკოფორტი ექმნებათ.

იმისთვის, რომ ხელვაჩაურში მცხოვრებლებმა, დაახლოებით 5 კილომეტრიანი ფრიდონ ხალვაშის მონაკვეთი გაიარონ, დაახლოებით, 2 საათი  სჭირდებათ. მიზეზი საცობია, რომელიც განსაკუთრებით პიკის საათებში იქმნება. მჭიდრო დასახლების გამო, ინტენსიური მოძრაობა აქ მუდმივად იყო, თუმცა, მდგომარეობა კატასტროფული მას შემდეგ გახდა, რაც ადგილზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გადის, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილია და ბათუმს მთიან აჭარასთან აკავშირებს. ტერიტორიაზე შემოვლითი გზა არ არსებობს, სწორედ, ამიტომ, ის მუდმივად გადატვირთულია. რაც შეეხება ჩიხებს, რომლითაც მოქალაქეები გზის შემოკლებას ცდილობენ იმდენად ამორტიზებულია, რომ ისევ, საცობში დგომას ამჯობინებენ.

საცობის გარდა, მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკიც უქმნის დიკომფორტს. ამბობენ, რომ გზაზე  შეფერხებული მოძრაობა,  ტრანსპორტის დაგვიანებას  ან ავტობუსის წრის ჩავარდნას იწვევს. ფერხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების გადაადგილებაც. აქ მცხოვრებლები მტვერსა და გაუსაძლის ხმაურზეც საუბრობენ.

ადგილობრივები გაჭიანურებულ  სარეაბილიტაციო პროცესებზე საუბრობენ. მათი თქმით, სამუშაობი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ისინი, პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან,  საზოგადოების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.

ფრიდონ ხალვაშის გამზიზრზე, გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყებაში კარგად იციან, რომ სამუშაოები  მოსახლეობას დისკომფორტს  უქმნის, თუმცა, მოქალაქეებს მოთმინებისკენ მოუწოდებენ. აქ ამბობენ, რომ მიმდინარე პროექტი,  საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას ითვალისწინებს და 3 თვის შემდეგ დასრულდება.

მეტის ნახვა