ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია გრძელდება - რას ითვალისწინებს პროექტი?

ხულო-ზარზმა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციას აგრძელებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გოდერძის უღელტეხილს გაივლის და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

„ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს როგორც გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ისე ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 42 კილომეტრიან გზას უტარდება. პირველი მონაკვეთი ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდება მეორე კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამუშაოების საერთო ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა რთულ გეოლოგიურ რელიეფზე გადის და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან აკავშირებს.

საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა