მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი - კადრები და განცხადებები მოვლენების ეპიცენტრიდან

დღეს, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ეს მეორე სხდომა იყო, რომელზეც მსჯავრდებულმა დისტანციურად დასწრება შეძლო. დაკითხეს დაცვის მხარის მოწმეები. მოსამართლის შეკითხვებს უპასუხა თავად სააკაშვილმაც. თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა". ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის საჩვენებლად კი მან მაისური აიწია. სავალალო მდგომარეობაზე საუბრობენ ექიმებიც. თენგიზ წულაძის განცხადებით. „თუ მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება  გაგრძელდება და იგი  52 კილოგრამზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება“.

დღევანდელ პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ პირდაპირ ჰკითხა მიხეილ სააკაშვილს, უტარდება თუ არა კლინიკა „ვივამედში“ ადეკვატური მკურნალობა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მან საქართველოს მისცა  ცოდნა, ახლა კი, თუ საჭიროა იქნება, მისცემს სიცოცხლესაც. ერთადერთი, რასაც ექსპრეზიდენტი ითხოვს, ეს არის  ადეკვატური მკურნალობის შესაძლებლობა. სააკაშვილი ამბობს რომ მისი მდგომარეობა უარესდება.

შემდეგ, პატიმარმა ექსპრეზიდენტმა მაისური აიწია, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფიზიკურად ეჩვენებინა. არაეთიკური  სურათისთვის კი ბოდიში მოიხადა. სხეულის შიშველი ნაწილის ჩვენების შემდეგ, კამერა პალატიდან გაითიშა, მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოს უკრაინულადაც მიმართა. თქვა, რომ  ამაყობს უკრაინელი ხალხით და დარწმუნებულია გამარჯვებაში.

ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული.  მე მინდა მოგმართოთ თქვენ - ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის... მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას...

სასამართლო პროცესი, დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი, ექსპერტთა კონსილიუმის  წევრმა, თენგიზ წულაძემ, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მეოთხე დონის კახექსიად შეაფასა. თქვა, რომ კახექსია, დემენციაზე მძიმე დიაგნოზია. ნევროლოგის განმარტებით, თუ სააკაშვილი 52 კილოგრამს ჩამოსცდება, ვეღარ გაუძლებს.

სააკაშვილი არ ჭამს, თუ ვერ ჭამს - ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ამ კითხვაზე, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ თავიდან, როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, ალბათ, არ ჭამდა - ახლა კი  ვეღარ ჭამს, რადგან ანორექსია და კახექსია იწვევს როგორც გულისრევას, ისე უმადობას.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დაკითხეს კლინიკა „ვივამედი“-ს ამბულატორიული დეპარტამენტის უფროსი მედდა, ქეთევან ღვინიანიძეც. ღვინიანიძე ასევე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექთანია. მედდა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია, აღენიშნება წონის კლება. ღვინიანიძემ მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდებზეც ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ, მომდევნო სასამართლო სხდომა,  3 თებერვალს გაიმართება.

მეტის ნახვა