ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ყალბი ფული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული თბილისში, საცხოვრებელ სახლში ყალბ 100-ლარიან კუპიურებს ამზადებდა, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც თბილისის სავაჭრო ქსელში ახდენდა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, საცხოვრებელ სახლში ამზადებდა ყალბ 100-ლარიან კუპიურებს, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა თბილისის სავაჭრო ქსელში. დადგენილია არაერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც ბრალდებულის მიერ გასაღებულ იქნა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 800 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა