იქტიოლოგი გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიციას მკაცრი კრიტიკით ეხმაურება

არჩილი და თევზი

იქტიოლოგი არჩილ გუჩმანიძე გარემოს ეროვნული სააგენტოს მკაცრად აკრიტიკებს. გუჩმანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ შხამიანი თევზის სახეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უწყება აბსურდული პოზიციით გამოეხმაურა. გუჩმანიძე აღნიშნავს, რომ ეს იყო არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო განცხადება 

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩემი პოსტის საპასუხოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებას, რადგან ამ სფეროში ჩემი საქმიანობის (მათ შორის სააგენტოში) 24 წლის განმავლობაში მსგავსი არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო განცხადება არ შემხვედრია და აი რატომ:
წარმოგიდგენთ მდ. ჩაქვისწყლის შესართავთან ამ თევზის მოპოვების ფოტოს, რომელიც არ იცის და არც გაუგონია სააგენტოს, მაქვს მისი მოპოვების ვიდეო კადრებიც, რომელზეც მეთევზეცაა ასახული და რადგან იმ პირმა ვინც ეს კადრები მომაწოდა მთხოვა მისი სახე არ გამომეჩინა - მე სამეცნიერო ეთიკის დაცვით ამ კადრებს არ ვასაჯაროებ, მაგრამ თუ სააგენტო მეტ პასუხისმგებლობას არ გამოიჩენს მომიწევს ამ კადრების ტელევიზიაში მიტანა და მეთევზის სახის დაბლურვა და მისი ისე გამოქვეყნება." - აღნიშნავს გუჩმანიძე. 

იქტიოლოგი ასევე წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი სტრუქტურები და მედია უფრო პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს, ვიდრე ეს ჩვენთან ხდება. 

"საინტერესეო რამოდენიმე დღის უკან ამ თევზის პოვნის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი სტრუქტურების და მედიის მიერ გაკეთებული განცხადებები, სირცხვილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის გარემოსდაცვითი და საკუთარი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა ბევრად მაღალია ვიდრე ჩვენთან."-წერს გუჩმანიძე

გუჩმანიძის მწვავე კრიტიკას იწვევს სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც უწყება წერს, რომ მათი მონიტორინგის შედეგად „ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა“. არადა სპეციალისტის განმარტებით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 10-მდე სახეობის შხამიანი ანუ ადამიანისათვის საშიში თევზი გვხდება.

"საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 10-მდე სახეობის შხამიანი ანუ ადამიანისათვის საშიში თევზი გვხდება.მათ შორისაა მასიური სახეობებიც, მათ შორისაა დედამიწის ზომიერ სარტყელში ყველაზე შხამიანი თევზიც, რომელიც იშვიათად ლეთალურია, მათ შორის საააგენტოს მიერ ე.წ. მონიტორინგის შედეგად რამოდენი ხნის უკან ოფიციალურად გამოქვეყნებულ ფოტოზეც იყო ერთ-ერთი შხამიანი თევზი ასახული. ერთი წლის უკან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამოსცა ძალზედ კარგი წიგნი (მე თანაავტორი გახლავართ) თევზეულის კულინარიაზე, სადაც ერთი თავი შხამიანი-ადამინიასათვის საშიშ თევზებს და მათთან მოპყრობის წესებს ეძღვნება. გასაგებია, რომ სამეცნიერო ლიტერატურას თქვენ არ ეცნობით, მაგრამ იქნებ კულინარიის წიგნი მაინც წაიკითხოთ, რომ ასეთი აბსურდები აღარ გაგეპაროთ."-წერია გუჩმანიძის ფბ პოსტში

გუჩმანიძე მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს ნუ შეიყვანებენ მოსახლეობას შეცდომაში. 

"გთხოვთ გამოიჩინოთ მეტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. თითქოსდა სახელმწიფო ინტერესების დაცვაში გადაზრდილი მარაზმი აზიანებს პირველ რიგში მოსახლეობას, თავად სახელმწიფოს და შემდეგ ინსტიტუციის ავტორიტეტს, რომლის ფორმირებაშიც მეც მიმიძღვის ჩემი მოკრძალებული წვლილი."-წერს იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე

მეტის ნახვა