ხელვაჩაურში, 35 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს - დაშავებული კლინიკაში მოათავსეს

დაჭრა ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში, 35 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებულები.

დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. BMC-ის ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თვითმხილველთა ცნობით, ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსული კი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა დანით დაჭრა. 

თვითმხილველები TV25.GE-ის უყვებიან, რომ კაცი ადგილიდან გაქცევას ცდილობდა.

"გაქცევა უნდოდა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავიდა, მძღოლი მიხვდა, რომ გარბოდა და არ დაძრა ავტომობილი", - ამბობს მოქალაქე.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

მეტის ნახვა