"მემუქრებოდნენ ბავშვების წართმევით, ჩადრის ტარებას მაიძულებდნენ" - ძალადობის მსხვერპლი ქალის პირველი კომენტარი

ძალადობა

რძალი, რომელიც დედამთილს ძალადობაში ადანაშაულებს, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. ქალის თქმით, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როცა მოიტაცეს. მას შემდეგ კი, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

დ.მ-ს თქმით, ქმრის ოჯახის წევრები მას შვილის წართმევით ემუქრებოდნენ. ჰყვება, რომ აიძულებდნენ ჩადრის ტარებასაც, რასაც აპროტესტებდა.

"8 წელი ვიყავი ქორწინებაში, 3 შვილი შემეძინა. მემუქრებოდა, რომ თუ კი ძალადობის შესახებ ვიტყოდი, ბავშვებს წამართმევდნენ. ასევე, მემუქრებოდნენ, რომ ჩემს ძმებს და ოჯახის წევრებს რამეს დაუშავებდნენ. სუიციდის მცდელობა მქონდა, რადგან მეგონა, რომ სხვა გზა არ მქონდა, მაშანტაჟებდნენ", - ამბობს დ.მ.

მედიასთან კომენტარი გააკეთა დაზარალებულის მამამთილმაც. კაცი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ტყუილს უწოდებს. 

"სიცრუეა ყველაფერი, არ ყოფილა მსგავსი რამ, კონფლიქტიც არ გვქონია, დაგეგმილია ეს ყველაფერი. ალბათ, დაზიანებები თვითონ მიიყენა და ჩვენ გვაბრალებს. ენას ყველაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. ჩემს ოჯახში სრული თავისუფლებაა, მე კიდევ 5 რძალი მყავს და ყველა თავისუფლადაა", - ამბობს ქალის მამამთილი.

შეგახსენებთ, ძალადობის მსხვერპლ ქალზე ინფორმაცია თავდაპირველად TV25.GE-მ გაავრცელა. შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოხდა. ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება სისხლის სამართლის ორი - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

მეტის ნახვა