სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და თანამდებობა უქმდება - როდის შევა ცვლილება ძალაში?

ინსპექტორიი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა 2022 წლის 1-ელი მარტიდან გაუქმდება. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდება როგორც სახელმწიფო ინსპექტორი, ასევე მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

1-ელი მარტიდან შრომითი ურთიერთობები უწყდებათ და სამსახურიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები.

ამავე პროექტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებზე “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მობილობის წესი არ გავრცელდება. მათ არ ექნებათ თანამდებობის ტოლფასს თანამდებობაზე, სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული პირები შეიძლება მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხონ.

ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია, მათთვის 2022 წლის 1-ელი მარტიდან 3 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ, კომპენსაციის მიცემა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

მეტის ნახვა