შეწყდეს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა - პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე

პრეზიდენტი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება წინასწარი კონსულტაციების გარეშე საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, აღნიშნული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა უნდა შეწყდეს, სახელმწიფო ინსპექტორს კი პარლამენტში ანგარიშის წარდგენის საშუალება უნდა მიეცეს.

"მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა!

ჩემთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა.

სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას.

მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100 -ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა.

მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთი მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც რეალურად დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის!

მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, რისთვისაც გთავაზობთ:

შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები, ინსპექტორს კი, მიეცეს საშუალება პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ და შემდეგ, ყოველივე ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში მოხსნის კითხვებს!

ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114 -ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისთვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მეტის ნახვა