ციხეში თუ მონასტერში პატიმრობა? - კობახიძე მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას ეხმაურება

საააკაშვილის პატიმრობა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, ირაკლი კობახიძე, სააკაშვილის პატიმრობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მონასტერი სააკაშვილისთვის მეტად ლმობიერი სასჯელი იქნებოდა. 

"თუ სადმე გაუჭირდება სააკაშვილს ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი" - ასე ეხმაურება "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, კობახიძე, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას, რომ სააკაშვილმა პატიმრობა მონასტერში გააგრძელოს.

ვრცლად, კობახიძის კომენტარი:  

„რაც შეეხება შინაპატიმრობას, აქ საკითხი არის სამართლიანობა. იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც იხდიან სხვა პატიმრები. ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება, ეს არის ჩვენი მიდგომა. კიდევ გავიმეორებ, რომ სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმა სასჯელი და თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი თან მოუნანიებელი. სინამდვილეში გამოდის, რომ სააკაშვილი არის პრივილეგირებული პატიმარი, იმიტომ რომ ითხოვს მუდმივად რაღაცებს, რაც მას არ ეკუთვნის და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობა მის ეპარქიაში გააგრძელოს შინაპატიმრობის სახით, რისთვისაც იგი ყველანაირ პირობას შექმნის. 

მეტის ნახვა