ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული დიქტატორული საქართველო, ჩემთვის ციხეა | გიორგი ახობაძე

ახობაძე

პროევროპულ აქციებზე დაკავებული გიორგი ახობაძე ციხიდან წერილს გზავნის. პატიმარი საუბრობს იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც მოქალაქეებმა უნდა გაწიონ რეჟიმის დასამარცხებლად. 

"ძალიან მიჭირს ნაწერით გადმოვცე სათქმელი. უკიდურესად კომპლექსურია ჩემი სათქმელი, ამ სათქმელს ბრაზი ერთვის მიამიტების და თავმობრიყვებულების მიმართ და ძალიან მიჭირს დასაკომენტარებელი საკითხები ისე დავაჯგუფო მსჯელობაში, აზრები არ ამეთქვიფოს.
დავიწყებ იმ ზემოქმედების ეფექტით, რაშიც ახლა ვართ. ამ ზემოქმედებას “გნულოვკა” ქვია. ცალკე გამოვიტან დეფინიციას, რომელიც ბევრს იტყვის. ეს ტერმინი ვიპოვე წიგნში - “70 წელი საბჭოეთში”. გნულოვკა - თავისუფლების აღკვეთის ადგილას ადმინისტრაციის მხრიდან ისეთი მოპყრობა, რომელიც ხელს უშლის არა მარტო წინააღმდეგობის გაწევის მცდელობას, არამედ ლახავს ადამიანის ღირსებას. შემეკითხებით, რა შუაშიაო? მე ჩემ პარალელებს დავწერ, ვინ როგორ თვლით, ეგ თავად გადაწყვიტეთ. სსრკ ანუ საბჭოთა კავშირი იწოდებოდა როგორც დიდი ციხე. მე ჩემ ქვეყანას ამ მდგომარეობაში ვგრძნობ როგორც ციხეს. ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული დიქტატორული საქართველო, ჩემთვის ციხეა. რა ზემოქმედება მოახდინა ამ 6 თვიანმა პროცესმა? არ არის ეს გნულოვკა რუსული რეჟიმის მხრიდან? ჩემთვის ასეა. ამაზე უნდა დავფიქრდეთ და მანიპულაციის ეს ეფექტი გავანეიტრალოთ. ეს ალბათ არის ნაბიჯი N1.
მეორე რაც უნდა გავიაზროთ, ეს სხვა წერილშიც მიწერია და ამაზე პოსტებში ვწერდი წლების მანძილზე, არის ის, რომ ქოცები არიან რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი. დიდ სურათს უნდა შევხედოთ. არა მარტო უკრაინაში, ჩვენთან და მოლდოვაში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც სსრკ-ს გავლენის სფერო იყო, მიმდინარეობს ომი (!!!). ცხელი ფაზა თავის თავზე აღებული აქვს უკრაინას, ყველა სხვა ქვეყანაში არის ჰიბრიდული ფრონტი. ამას თუ არ დავინახავთ, ყველა ჩვენი ნაბიჯი ბრძოლისას იქნება მცდარი!
დავრჩეთ ცოტა ხანი დიდ სურათში და დავაკვირდეთ უკრაინას. ეს ომი რაც ზევით ვახსენე, ყველაზე თვალსაჩინოთ იქ ჩანს. რისთვის მჭირდება ეს მაგალითი? მჭირდება იმისთვის, რომ გავიაზროთ რას შვება პუტინი, შემდეგ დავაპარალელოთ იგი მის პროქსთან - ბიძინასთან და ამის შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა. პუტინი არის მახეში, დიდი ლუკმის გადაყლაპვა მოინდომა და საყლაპავის ზომა არ ეყო. ეს ამბავი ახალი არაა რუსეთის იმპერიისთვის. ამაზე დეტალებში არ წავალ, სიტყვა გაგვიგრძელდება. პუტინმა რომ ომი გააჩეროს, პირდაპირ ფიზიკური არსებობის საფრთხე დაუდგება. ეს რომ არ ქნას, დიპლომატიური ბლეფის ფონზე, ცდილობს ტრამპთან ითამაშოს. ეს უკვე თვეებია გრძელდება და მგონია ამის რესურსი ეწურება. ასე ჩანს ჩემთვის ტრამპის პირველი ნაბიჯებიდან მოყოლებული და ვინც ჩემთამ ციხეში შემოდის სანახავად , იმასთან ეს პროგნოზი გაკეთებული მაქვს. ჯერჯერობით რასაც ტრამპი აკეთებს, ამაზე იანვარ-თებერვალშივე გამოვთქვი აზრი. თავს არ ვიქებ. მინდა ჩემი დიაგნოზების და პროგნოზების მაღალ ალბათობებში დაგარწმუნოთ და ჩემ ვერსიაზე ასე ვილაპარაკო.
თუ იმაში მომყვებით რაც პუტინის და ბიძინას კავშირზე დავწერე, მოდი დიდი სურათიდან გადმოვერთოთ საქართველოზე და პუტინის სტრატეგია და ტაქტიკა გადმოვიტანოთ ბიძინაზე. მათ საერთო ომი აქვთ, საერთო მიზნებით. თუ აქაც მომყვებით მსჯელობაში, ესე იგი ბიძინაც იმ ეტაპზეა, რომ ან ბოლომდე უნდა ჩააჭიროს ან ეგზისტენციალურ საფრთხეს გრძნობს. გარდა გრძნობისა, მას კონკრეტული ბრძანება აქვს მისი გენერალი პუტინისგან. ის დამოუკიდებელი აქტორი არაა, ის პუტინის იარაღია და პუტინი ისვრის ამ იარაღით; ეს იარაღი თავისით არ ისვრის.
თუ აქამდეც წაიკითხეთ და მომყვებით, კიდე ერთ ჩემ მოსაზრებას დავწერ - ამ მოცემულობაში, ბიძინას არჩევნებით გაწევის შანსი არის -0. არჩევნებზე ცალკე დავწერ, ამაზე სხვა პოსტშიც მიწერია, მაგრამ აქაც განვავრცობ, ოღონდ მოგვიანებით. ჯერ აქ გამომყევით. სწორი გზა არის წინააღმდეგობა (!!!). წინააღმდეგობას დავყოფდი სამ ნაწილად.
1. პოლიტიკური (ალტერნატივა და საგარეო ფრონტი)
2. საინფორმაციო ( ინფ. გავრცელება და ანტიპროპგანდა
3. ფიზიკური ( აქციები, მარშები,ობსტრუქცია, ძალაზე ძალის დახვედრება ძალადობის გარეშე).
ვეცდები სამივე თემაზე დავწერო მოკლედ.
პოლიტიკური: 4 კოალიცია + ფედერალისტები (ამ პარტიის გარეშე მე ერთობას და კოალიციურ მმართველობას ვერ მოვიწონებ. უარმაზარი რესურსი აქვთ ტვინებში).
თითო კოალიცია/პარტიამ გამოყოს 10-10 წევრი, ეს ხალხი დაჯდეს ერთად და აჩვენოს ხალხს, ვინ არიან ის პოლიტიკოსები, ვინც მანდატს ითხოვენ სამომავლოდ. დადონ მაგიდაზე საკითხები, რაზეც თანხმდებიან და ამაზე ელაპარაკონ ხალხს. ამას გარდა სანქცირებებზე უნდა მეტად იაქტიურონ. თუ პირველ პირობას შეასრულებენ და ერთ “ხმაში” ილაპარაკებენ ეს ფრონტი გაცილებით ეფექტური გახდება. ( ვიცი ადგილობრივი არჩევნების შესახებ განხეთქილება ამ ნაწერს შინაარსს უკარგავს, მაგრამ ცოტა ხანი გამომყევით, წაიკითხეთ. მაგაზეც დავწერ). რომელი პარტიაც ამ სქემას არ აყვება, უბრალოდ უნდა დაიკიდონ დანარჩენებმა. ესეთი პარტიები ან შეცდომას უშვებენ, ან გააზრებულად ლეღვის ფოთლობა აქვთ გადაწყვეტილი. ეს გზაში გამოჩნდება. იმ პარტიებმა, რომლებიც საღად აფასებენ სიტუაციას, ეს პროცესი უნდა დაძრან. ამის გარეშე დანძრეული გვაქვს ყველას, მთელ ქვეყანას. ამით პოლიტიკოსებზე ჯერ მოვრჩები. ეს თუ არ ქნეს, შემდეგ ნაბიჯებზე ვერც ვიოცნებებთ.
საინფორმაციო - აქ შედის როგორც პროფესიონალური მედია, ასევე დიდი წვდომის მქონე სოც. ქსელების ანგარიშების მქონე ხალხი და ბოლოს თითოეული მოქალაქეც. საჭიროა (!!!) მოქალაქე ჟურნალისტების ქსელის აწყობა (იხ. მარია რესა). საჭიროა სოც. ქსელების - მეგობრების მეგობრები (friends of friends) ქსელის აწყობა. როგორ? წინა წერილებში დავწერე და ამას სულ დავწერ, გასაკეთებელია 20-ეულების ქსელი. ორგანიზებული და სტრუქტურირებული. მედია კლასიკური ფორმით როდემდე გვეყოლება კაცმა არ იცის (ჩემი სოლიდარობა და მადლობა მათ). მედიამ (ყველა სახის) თავისი საქმე იცის და ჩემი “პროფესორობა” ამას არ ჭირდება. ერთდერთი თხოვნა და რეკომენდაცია მექნება, შექმნან ფორმატი, სადაც ერთ სტუდიაში დასვამენ ხოლმე იმ “სასტავს” ეტაპობრივად (შერეულად), რომელზეც პოლიტიკურ ნაწილში მიწერია. ერთმანეთში საუბარს ასე ვაიძულებთ. ეს ცალ-ცალკე ეთერებში ჯდომა აღარაფერს აღარ იძლევა და მავნებლობაა უკვე. დრო აღარაა. რეჟისორებმა, მსახიობებმა, კონტენტ კრეატორებმა, სოც. ჯგუფებმა და ყველამ რა მოკლედ, უნდა შექმნან საინფორმაციო შტაბი, სადაც გაკეთდება კონტენტი, რომელსაც გაავრცელებს friend of friends და მოქალაქე ჟურნალისტების ქსელი. ამ გზით “დავტბორავთ” საინფორმაციო ველს, რომელიც გაავრცელებს ინფოსაც და იმოქმედებს როგორც ანტიპროპაგანდა.
სანამ მესამე და მთავარ ამბავზე გადავალ, მინდა ლელოს გამოვეხმაურო და ვუთხრა, რომ უხერხულია, რასაც აკეთებთ. ბრიყვი აქ არავინაა და იმ ბოლის დაყენებას, რითიც ხართ დაკავებული, რომ ვხედავ, თქვენ მაგივრად მე მრცხვენია. როცა “არჩევნებში” (თვითმმართველობის) შესვლას ადვოკატირებას უწევთ ეთერებში და ხალხი შეგყავთ შეცდომაში, მოდი ისაუბრეთ რიცხვებით (!!!!!). როგორია მანდატების გადანაწილების სისტემა… რამდენია პროპორციული და რამდენი მაჟორიტარული. ისაუბრეთ დამკვირვებლების უფლებების რესურსებზე! აი მერე ილაპარაკეთ ისეთივე ომახით გამარჯვებაზე ამ პირობებში, როგორითაც ახლა ლაპარაკობთ. მოდი ვნახოთ ვინ დაგიჯერებთ მაგ ბოლს ამის შემდეგ! პასუხები გამეცით იმ 1,5 მილიონ პასიურ ამომრჩეველს რას უშვებით, მათ პირადობის მოწმობებს და პირად ნომრებს რას უშვებით, რომლებიც არასოდეს (!!!) არ დადიან არჩევნებზე და რომელთა მონაცემებიც ქოცების ხელშია და უკვე აწყობილი კაპიტნების ქსელით და ელექტრონული კარუსელით, რამდენ ხმასაც მოინდომებენ ჩაგიყრიან!!! რას უშვებით ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესს, რომელთან გაკარებაზეც აკრძალვა გაქვთ ახალი რეგულაციებით?! პირდაპირ გეტყვით, დღევანდელი რესურსი მომეცით რაც ბიძინას აქვს და მარტო დაგანგრევთ 4-ივე კოალიციას რამდენჯერაც გინდათ. თავს გავყოფ გილოტინაში და ისე გეტყვით, რომ ამ მოცემულობაში 10:0-ს მოგიგებთ ნებისმიერ არჩევნებში!!! 1.5 მილიონიანი ხმების ტომარა აქვთ! ეს არ გესმით? არ აღმოგიჩენიათ ეს ფაქტი? თუ არა, უკაცრავად და ცოტა მეტი ფიქრი დააძალეთ თავს და თუ კი, ლეღვის ხეებს ჩაგირგავთ გლდანის ციხესთან და ეგ იქნება!
მოდი ჯერ ეს არგუმენტები რიცხვებით გამიბათილეთ და დანარჩენს მერე დავწერ. ნეტა საშუალება მქონდეს, გარეთ ვიყო და თქვენთანაც და გახარიებთანაც დებატების საშუალება მქონდეს. ბევრ რამეს დავანახებდი ხალხს! სამწუხაროდ აქა იქ მესმის სწორი არგუმენტები ამ დისკუსიისას, რაც ამ დღეებში დაიწყო.
ფიზიკური წინააღმდეგობა - ესაა ერთადერთი სწორი გზა შიდა ბრძოლისთვის და ამ თემაზე ბევრი მაქვს სათქმელი და გთხოვთ თუ აქამდე მომყევით ტექსტში, კიდე დამითმეთ დრო. იმედია ამ ძალიან დიდ და კომპლექსურ თემას შევძლებ და ტექსტად დავწერ. სრული ბოიკოტი , სრული დაუმორჩილებლობა ანუ ფიზიკური წინააღმდეგობა მოითხოვს ძალების სრულ კონსოლიდაციას და ზუსტად ამიტომ იყო საჭირო თვეების წინ სიცხადე მუნიციპალური არჩევნების შესახებ. არანაირი შემოგდებული თემა ეს არ იყო და არ არის. ეს არის და იყო სწორი და აუცილებელი ათვლის და შეთანხმების წერტილი ფიზიკური წინააღმდეგობისთვის. ლეღვის ფოთლების ცვენა ამ პროცესს დაანგრევს და დანგრევისთვის განწირულ პროცესში შესვლა ისეთივე შეცდომაა, როგორიც “მუნიციპალურ არჩევნებში” ქოცებზე შეყოლა. გასაგებია ამ საკითხში სიცხადე რისთვის იყო და არის საჭირო?!!!
კითხვა ხომ ისმის ბოიკოტის შემთხვევაში რა ხდებაო და გპასუხობთ. თბილისი არის ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი. როცა პრო-“არჩევნებისტები” თბილისის წართმევაზე ლაპარაკობთ წაგებისთვის განწირული “არჩევნებით”, მე გეტყვით როგორ წავართვათ თბილისი ფიზიკურად და მშვიდობიანი გზით. ხომ იძახით მობილიზებას შევძლებთო ამომრჩევლისო? ეს რიცხვებში არის 100 ათასობით ამომრჩეველი. მე გთავაზობთ რომ მობილიზება გაუკეთოთ თითო კოალიციამ 10 ათას ამომრჩეველს. მოდი აბა ჯერ ეს დადეთ და მერე იბობოქრეთ რუსულ სპეცოპერაციაში გამარჯვებაზე. მაშ ასე გამოიყვანეთ ქუჩაში 4x 10000 ადამიანი ორგანიზებული და სტრუქტურირებული. ორგანიზებაზე და სტრუქტურაზე დეტალურად გაწერილ გეგმას მოგცემთ რიცხვებით და რესურსებით. თბილისი უნდა დავაკოლაფსოთ. სატრანსპორტო კოლაფსი აჩერებს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრს. რას გვაძლევს ეს? მოდი ცოტა შორიდან დავიწყოთ და გადავიდეთ 2023-ის მარტში რუსული კანონის პირველ ინიცირებაზე. აბსოლუტურად მშვიდობიანად მდგარ ხალხის მასას უწყებდნენ დაშლას კონკრეტულ დროს. ეს ხდებოდა 2023-ც და 2024-ც. გადახედეთ არქივს და ნახავთ რომ ეს ასე ხდებოდა. კითხვა გამიჩნდა შარშანვე, რისთვის აკეთებდნენ ამას? თავიდან თითქოს ჩანდა, რომ ძალის დემონსტრაციით ხალხის დაშლა/ დათრგუნვას ცდილობდნენ. თავიდან თითქოს ეს მიზეზი ლოგიკურად ჩანდა. ამის მერე გამოჩნდა, რომ ფიზიკური ჯახი იწვევდა მასის ზრდას გეომეტრიული პროგრესიით და თუ იდიოტები არ არიან ( არ არიან დამიჯერეთ) ეს მიზეზი გამოსარიცხია. მაშინ რა? ჩემი აზრით 2 მიზეზია: 1. დიდი რაოდენობით მშვიდათ მდგომ ხალხის მასაში ჩნდება თვითორგანიზების კერები და რისკია მაღალორგანიზებული და სტრუქტურირებული არმია მიიღო ქუჩაში, თავისი მცირე ლიდერებით. 2. ეს ორგანიზებული მასა დაიწყებს ლოკაციების გამრავლებას, დაიყოფა ეფექტურად და 1 (რუსთაველის) ლოკაციის მაგივრად მიიღებ 3-4 კერას ( დიდს!) ეს უკვე ქალაქის კოლაფსია, თუ ამ შეკრებებს პერმანენტული, 24 სთ-იანი სახე მიეცემა. 24 საათიანზეც მინდა თქვენი ყურადღება მივიქციო. ის რაც ასევე დარბევებით ჩანდა და ეს გამოჩნდა 2024-ის ნოემბერ-დეკემბერში, დილის 5-6-ისკენ იწყებოდა ბრუტალური ნადირობა მთელ ქალაქში დევნა დაკავებები. ვინც ღამე მანქანით მოძრაობდა ქალაქში მაგ დროს აქციის მონაწილეების დასაზღვევად და საევაკუაციოდ, შეამჩნევდა პოლიციის ტოტალურ მობილიზაციას 200-300 კაცის სახლებში და კაპეზეებში შესარეკად. თუ აქამდე გამომყევით ტექსტში, მოდი შეჯამება გავაკეთოთ და დავსვათ “დიაგნოზი”.
1. რუსებისთვის პრობლემაა დიდი მასის ქუჩაში დარჩენა 24 საათით.
2. პრობლემაა ორგანიზების და სტრუქტურების რისკი. მოდი გავარჩიოთ რა უშავდებათ ამით…?! დავუბრუნდები ისევ იმ ტერმინს, რითიც დავიწყე - “გნულოვკა” საზოგადოების ყველა ჯგუფი, ამა თუ იმ მიზეზით ამ ზემოქმედების ქვეშაა და სტატუს ქვოს ეგუება, ადაპტირდება. ვერ ხედავ ძალას ქუჩაში. არ აქვს იმედი, რომ შედეგი მიღწევადია. თუ ქუჩაში ასეთი ძალა გამოჩნდება, პოლიტიკოსებთან ერთად, გამოიწვევს პასიური ნაწილის ქუჩაში გამოყვანას.
მოდი ცოტას დავწერ სტრუქტურაზე და ორგანიზებაზე, პროევროპული პარტიების შესაკრებია და გამოსაყვანი 40 000 მოქალაქე. ამჟამად ველზე არის 10-11 ასეთი პარტია. უხეშად თითოს ყავს დასამობილიზებელი 4000 ( ოთხი!!! ათასი კაცი). 20-ეულების ქსელით, ამის აწყობა არის უმარტივესი. თითო პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 10 ცალ 400 კაციან რაზმზე. ანუ 1 ინიციატორი პოულობს 20 კაცს და შემდეგ ეს 20 თავის მხრივ 20-20-ს. დღეში ერთი კაციც რომ დაამატონ ინიციატორებმა და შემდგომ მათმა 20-ეულების წევრებმა, მაქსიმუმი დრო მობილიზაციისთვის არის 40 (!!!!) დღე! დღეში 1 მოქალაქესთან საუბარზეა ლაპარაკი! თუ ამას ვერ შვებით, რა არჩევნებზე “იბრძვით”?" - წერს ციხიდან გავრცელებულ წერილში გიორგი ახობაძე.

მეტის ნახვა