ბათუმის საკრებულოს სხდომა ვერ შედგა

ასე ახსნეს მმართველ გუნდში, ოპოზიციის მიერ მოწვეულ საკრეებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობა. ამბობენ, რომ ოპონენტები მუდმივად შოუს დგამენ, რისი თანამონაწილეობაც არ სურთ. დღის წესრიგში, სულ ორი საკითხი იყო. მათგან ერთი, ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობას შეეხებოდა.  თენგიზ აფხაზავა ამბობს, რომ სწორედ ეს ადასტურებდა იმას, რომ ისინი დესტრუქციული ქმედებებისკენ არის მოწოდებულნი.

ხელისუფლების ოპონენტების მიერ  ჩანიშნულ საკრებულოს სხდომას,  მხოლოდ ოპოზიციური პარტიების  წევრები ესწრებოდნენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღევბანდელი სხდომის მიზანი, პოლიტიკური კრიზისის დაძლევა იყო, რაზეც ოცნებამ უარი თქვა. რეზო ხარაზის თქმით, ხელისუფლება, ოპონენტებს ქუჩიდან დარბაზში გადანაცვლებისკენ ფასადურად მოუწოდებს, რეალურად კი საწინააღმდეგოდ იქცევა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ქვორუმის შემთხვევაში უნდა ემსჯელათ, საკრებულოს თავმჯდომრის არჩევას შეეხებოდა. ოპოზიციას უცვლელი კანდიდატი ჰყავს. ირაკლი კუპრაძე - „ლელო საქართველოდან“. ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი სწორედ ამ მიზეზით არ გამოცხადდა. 

ქვორუმისთვის, ბათუმის საკრებულოს 17 წევრის დასწრება სჭირდება. გადაწყვეტილების მიღებას კი 18. თუ კი ხმები მხარეებს, მომდევნო სხდომებზეც დააკლდებათ, წარმომადგენლობით ორგანოში, 6 თვის ვადაში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნება.

ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულო, პირველად 3 დეკემბერს შეიკრიბა. პირველ სხდომაზე, მხოლოდ წევრების უფლებამოსილება სცნეს. შემდეგ, ოპოზიციამ დარბაზი დატოვა. შესამაბისად, საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილეების ასარჩევად, ასევე კომისიების დასაკომპლექტებლად,  „ქართულ ოცნებას“ ქვორუმი აღარ ეყო. 

მეტის ნახვა