ბათუმის საკრებულოში ნინო ბაციაშვილს ნატალია ძიძიგური ჩაანაცვლებს

პარტია „საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ნინო ბაციაშვილს ნატალია ძიძიგური ჩაანაცვლებს.

ირაკლი მიქელაძის თქმით, ნატალია ძიძიგურს წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და იგი გახარიას პარტიიდან ძლიერი წარმომადგენელი იქნება.

„ნინო ბაციაშვილი არსად წასულა, უბრალოდ თავის კარიერიდან გამომდინარე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება მოუწია. ამ ეტაპზე თავი შეიკავა საკრებულოს წევრობისგან, ის გუნდის წევრად რჩება და აქტიურად იქნება ჩართული პარტიის მშენებლობაში.

ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, დღეს ბორდის სხდომა გვქონდა და ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ბათუმის საკრებულოში ჩვენი პარტიიდან ნატალია ძიძიგური შევა, რომელსაც საკრებულოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის იქნება ძალიან ძლიერი და საინტერესო წარმომადგენელი, სადაც თანაქალაქელების ღირსეულ დაცვას შეძლებს",- თქვა ირაკლი მიქელაძემ.

ბათუმის საკრებულოში „გახარია საქართველოს" წევრი ნინო ბაციაშვილი მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა. მიზეზად საჭადრაკო კარიერის გაგრძელება დაასახელა.

მეტის ნახვა