ენმ-ის რამდენიმე ლიდერი ლევან ვარშალომიძის წინააღმდეგ - მხარეთა პოზიციები

„ნაცმოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერი ლევან ვარშალომიძეს უპირისპირდება.  პარტიულ არჩევნებში ნიკა მელიას მხარდამჭერები,  არაფორმალური მმართველობის რეჟიმის ჩამოშლაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ პროცესები კულისებიდან, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, იმართება.  რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებს, მათი შეფასებით, გუნდისთვის მთავარი ამომრჩევლის დაკვეთაა, რაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. მხარეთა პოზიციები ჩვენს რეპორტაჟში.

აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ უპირობო ლიდერად ითვლება, დღეს თანაპარტიელებისგან, ხმამაღალი  კრიტიკის საგნად იქცა. მას, აჭარის ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერი უპირისპირდება. პარტიულ არჩევნებში, ნიკა მელიას მხარდამჭერები, ვარშალომიძეს იმ რიგებში მოიხსენიებენ, ვისაც  გუნდში დემოკრატიული პროცესების გატარება დამღუპველი ჰქონია. მათი თქმით, ვარშალომიძე, პარტიაში ძალაუფლების შენარჩუნებას სხვისი ხელით ცდილობს და პროცესებს კულისებიდან მართავს. ამომრჩეველს კი დღეს, კონკრეტული გეგმა და კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება.

მიუხედავად იმისა, შიდაპარტიულმა წინასაარჩევნო პროცესებმა, პარტიაში, ორი ფლანგის არსებობა ნათლად აჩვენა, გიორგი კირთაძე განხეთქილებებს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ აზრთა სხვადასხვაობაა.  მისის თქმით, აუცილებელია პარტიაში ავტოკრატიული და რაფორმალური მმართველობის რეჟიმი დასრულდეს. კირთძე ირწმუნება, რომ ნიკა მელია  ის კანდიდატია, რომელსაც პარტიის ინტერესების სწორად მართვა შეუძლია. 

რაც შეეხება მეორე მხარეს. ისინი, მელიას მხარდამჭერ თანაპარტიელებს  წარსულს ახსენებენ. ამბობენ, რომ  ვარშალომიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ აშენებისთვის პირველი აგურები დადო და დღემდე ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, რომ პოლიტიკური პროცესების ყველა ეტაპზე აქტიურობდა და ყოველთვის ჰქონდა კომუნიკაცია თანაგუნდელებთან.

ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებიც იგივეს აცხადებენ. ირწმუნებიან,  რომ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, თითქოს, ვარშალომიძე პროცესებს გამოეთიშა არასწორია. გია აბულაძე აცხადებს, რომ ე.წ. „თავისუფლების კვარტალიდან“ მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბოლო აქციაც, ვარშალომიძის ორგანიზებით დაიგეგმა. სწამს, რომ ვარშალომიძის გაშავება, მელიას ნაგარიშზე  ქულების დაწერას ემსახურებოდა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, ღია დაპირისპირება შიდაპარტიული არჩევნების დაანონსებისთანავე დაიწყო. თანაპარტიელები ერთხმად თანხმდებიან, რომ კენჭისყრის პროცესი და შედეგები დემოკრატიული პროცესებით უნდა ჩატარდეს, თუმცა მათი სამუშაო იდეები განსხვავებულია. ნაწილი გამოსავალს ცვლილებებში ხედავს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პარტიაში ავტოკრატიული რეჟიმია და იგი უნდა დასრულდეს.

მეტის ნახვა