ახალი ამბები • 1749795120
“მერებმა მიიღეს გადადგომის გადაწყვეტილება. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით“ | ირაკლი კობახიძე

“მერებმა მიიღეს გადადგომის გადაწყვეტილება. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით“ - ეს განცხადება აჭარაში ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. "ოცნების" პრემიერმა აღნიშნა,რომ ამის მიზეზი მოახლოებული არჩევნებია.
„როტაცია არის აბსოლუტურად ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თორნიკე რიჟვაძეს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ის ახორციელებდა ბევრი წლის განმავლობაში როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებისთვის, ისე ჩვენი პარტიული ამოცანების მისაღწევად. მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში და მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
ჩვენ ვემზადებით მათ შორის, არჩევნებისთვის და ამ კუთხით ბუნებრივია, გვაქვს სერიოზული სამზადისი, რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები. მერებმა მიიღეს გადადგომის გადაწყვეტილება. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ არის მოახლოებული არჩევნები და შესაძლოა ამ დროს მათ ჩათვალეს ყველაზე მიზანშეწონილად ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით და მზად ვართ ყველა მუნიციპალიტეტში. ვემზადებით აქტიურად არჩევნებისთვის და 64-ვე მუნიციპალიტეტში და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს ბათუმში, "ოცნების" ლიდერები აჭარაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღონისძიების შესახებ TV25 ინფორმირებული არ ყოფილა. შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილი, “ქართული ოცნების” პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1749645219

1739131407